„შინაგანად არ გაქვთ უხერხულობა, რომ ერთხელ არ გამოგივიდათ. კანონიც ამას არ ითვალისწინებს და უბრალოდ არ უნდა დათანხმებულიყავით ამ შემოთავაზებას“, – მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს, რომელსაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ.
„კანონის სულისკვეთება რა არის, იცით? როდესაც საუბარი არის, რომ, მაგალითად, არ შეიძლება ორჯერ ერთი და იმავე ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა, ეს იმასაც გულისხმობს, რომ გადადექი და პრობლემა იყო, რომ გადადექი. ღირსება რა არის ამ გადადგომაში, თქვენი ნებით გადადექით? მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნება იყო; უბრალოდ, პოლიტიკური გარემო იყო ამ გადადგომის. არ ვიცი, გითხრეს თუ არა, მაგრამ უმრავლესობის სხდომა გაიმართა პარლამენტში და არ იყავით პოპულარული იმ დროს. ადამიანები თქვენს გადადგომას მოითხოვდნენ, სხვათა შორის ის ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთს ასწრებენ თქვენს ქებას“, – მიმართა გოგიჩაიშვილმა შოთაძეს.