„თქვენთვის მომინდვია შეფასება, ვის ეკუთვნის მადლობა" - ბათუმის ეპარქია დეკანოზი მამალაძის განცხადებაზე

პუბლიკა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში დეკანოზი გიორგი მამალაძის მიერ მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე აღნიშნავენ, რომ მიტროპოლიტმა მამალაძის გასათავისუფლებლად „ყველა იურიდიულ ფორმას” მიმართა.

ამის შესახებ ეპარქიის პრესსპიკერმა, ილია ხინიკაძემ პუბლიკასთან სატელეფონო საუბარში ისაუბრა.

„ესე იგი, მეუფე დიმიტრიმ ორგზის მიმართა პრეზიდენტ მარგველაშვილს ქალბატონი ფიქრია ჩიხლაძის საშუალებით, მაშინ მის პრეზიდენტის აპარატში მუშაობდა ქალბატონი ფიქრია, შემდგომ ორგზის მიმართა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც მოითხოვა წერილი საპატრიარქოსგან და შემდეგ გაათავისუფლებდა, დაზარალებულის მხრიდან ეს წერილი იქნა გაგზავნილი.

შემდგომ, პირადი კომუნიკაციის საშუალებით მეუფე დიმიტრის ჰქონდა საუბარი მამა გიორგის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან, მეტი რა უნდა გაეკეთებინა? ყველა იურიდიული ფორმა იქნა გამოყენებული, რომ გამოეყვანათ და თქვენთვის მომინდვია შეფასება, ვის ეკუთვნის მადლობა”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა დიმიტრი შიოლაშვილი გათავისუფლებული გიორგი მამალაძის მონახულებას, ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

„ამ ეტაპზე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ იქნება, რაიმე სიახლე, თქვენც გაიგებთ, მე მჯერა, რომ არ გამოგეპარებათ”, – თქვა ილია ხინიკაძემ.

გუშინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ მისი გათავისუფლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა, რომ „7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ” დეკანოზი გიორგი თავისუფალია.

გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი თავად მამალაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ბრძოლა გრძელდება”. მანვე ისაუბრა მეუფე დიმიტრიზე და თქვა, რომ მას „არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, რომ დღეს რკინის ქალამნებით” მასთან ერთად მდგარიყო.

ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებდა.