ტრაგიკულია, რომ თითოეულ ბავშვამდე ვერ მივაღწიეთ - მინისტრის მოადგილე ქობულეთის შემთხვევაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგოს სავარაუდო სუიციდს ეხმაურება.

მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, იმ პირობებში, როცა ბავშვის საუკეთესო ინტერესი პირველი პრიორიტეტია სახელმწიფოში, აღნიშნული ფაქტი დიდი ტრაგედიაა.

ბარკალაიამ თქვა, რომ დაახლოებით, 2 წლის წინ შემოღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი, ბოლო წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ზრუნვის სააგენტო, გაიხსნა ბავშვთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი და სამინისტრო მუშაობს, რომ ბავშვებისთვის საჭირო სერვისები გახდეს მრავალფეროვან და გეოგრაფიულად ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ბარკალაიას განცხადებით, ამის მიუხედავად, ტრაგედიაა, რომ სამინისტრო ყველა ბავშვამდე, ვისაც დახმარება სჭირდება, ვერ მიდის და საჭირო სერვისებით ვერ უზრუნველყოფს.

„ნამდვილად აღსანიშნავია, რომ ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში არ იმყოფებოდა, იყო მზრუნველ ოჯახურ გარემოში, ცხოვრობდა ნათესავებთან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არ ავიღოთ და არ უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვი, რომელიც ოჯახში ცხოვრობს, მისთვის საჭირო მხარდამჭერი და გამაძლიერებელი სერვისებით“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ სერვისები და ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რისთვისაც სამინისტრო ყველაფერს აკეთებს.

„პირველი და მნიშვნელოვანი, რაც კონკრეტულად ამ მიმართულებით ვითარდება ამ ეტაპზე, არის, ე.წ. ბარნაჰუსის მოდელი, სადაც იქმნება სპეციალიზებული ცენტრი სექსუალური ძალადობის ბავშვებისთვის, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით და გატარებით მოხდება ყველა იმ როგორც გამოძიების, ასევე მხარდამჭერი სერვისების მიწოდება, რომელიც სჭირდება ტრავმაგამოვლილ ბავშვს“, – განაცხადა ბარკალაიამ.

„პუბლიკამ” ჯანდაცვის სამინისტროს ასევე მიმართა კითხვით, იღებდა თუ არა გარდაცვლილი გოგო სოცმუშაკის მომსახურებას. უწყებაში ჩვენს ამ კითხვას, ამ ეტაპზე არ პასუხობენ.


წუხელ, 10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დიაწყო.

გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. როგორც ის ჟურნალისტებს ეუბნება, გოგო გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. მისი თქმით, ეს იცოდა პოლიციამ, გოგოს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზაც, თუმცა პასუხმა დაიგვიანა, რასაც, ბაბუის თქმით, არასრულწლოვანი განიცდიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქობულეთში 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავა.

უწყების ცნობით, მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა”, – წერს შსს.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.