Reuters: ტრამპი 240 000 უკრაინელისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავს

პუბლიკა

განახლება: თეთრმა სახლმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ აშშ-ში ჩასული 240 000 უკრაინელის დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმება იგეგმება.

ინფორმაცია დღეს გამოცემა Reuters-მა გაავრცელა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ინფორმაციას „ყალბი“ უწოდა და თქვა, რომ საკითხზე ჯერ „არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ“.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ 240 000 უკრაინელს, რომლებმაც უკრაინა რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო დატოვეს, დროებითი ლეგალური სტატუსი გაუუქმოს.

ინფორმაციას გამოცემა Reuters ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება აპრილიდან ამოქმედდება.

წყაროს ინფორმაციით, უკრაინელებისთვის ლეგალური სტატუსების გაუქმება მანამდე იგეგმებოდა, სანამ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ დაუპირისპირდებოდა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.

წყარო Reuters-ს უყვება, რომ გადაწყვეტილება არის ტრამპის ადმინისტრაციის ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა ჩამოერთვას ლეგალური სტატუსი 1.8 მილიონზე მეტ მიგრანტს, რომლებსაც აშშ-ში შესვლა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ამოქმედებული დროებითი ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დეპარტამენტი ამ საკითზე განცხადებას არ აკეთებს.

ასევე, საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ თეთრი სახლი და უკრაინის საელჩო აშშ-ში.