უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმს Fox News-თან ინტერვიუს დროს ჰკითხეს, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. საპასუხოდ ტრამპმა თქვა, რომ საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი იმათ შორის არიან, ვისაც „სურთ“ სამხედროების ადგილზე ყოფნა.
ტრამპმა დასძინა – „არა მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს“.
ტრამპმა კატეგორიულად უარყო, რომ აშშ-ს ადგილზე სამხედროები ჰყავდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის ფარგლებში.
„თქვენ გაქვთ ჩემი გარანტია და მე პრეზიდენტი ვარ“, – უპასუხა მან ჟურნალისტს და დასძინა, რომ ის ცდილობს შეაჩეროს ხალხის მკვლელობა.
ტრამპს ჰკითხეს, როგორ ჩაიარა გუშინდელმა მოლაპარაკებებმა ევროპელ ლიდერებთან თეთრ სახლში. აშშ-ის პრეზიდენტმა მათ უწოდა კარგი ადამიანები, რომლებსაც „ომის დასრულება სურთ“.
ის ამბობს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მათთვის უფრო ახლოსაა, რადგან „ჩვენ გვაქვს ოკეანე, რომელიც გვყოფს“.
„ამიტომ მათთვის ეს სხვა საკითხია. როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ისინი მზად არიან ხალხი ადგილზე გაგზავნონ“, – თქვა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, აშშ მზადაა დაეხმაროს უსაფრთხოების ასპექტებში, მაგალითად, საჰაერო მხარდაჭერით, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ნატოში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს უსაფრთხოების მთავარი ფორმა, რომელსაც უკრაინა ეყრდნობა.
„ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სხვადასხვა საკითხებში, განსაკუთრებით, ალბათ თუ საჰაერო გზით ვსაუბრობთ, რადგან არავის აქვს ისეთი აღჭურვილობა, როგორიც ჩვენ გვაქვს“.