ტრამპი: ახალ ადმინისტრაციაში ნიკი ჰეილისა და მაიკ პომპეოს არ მოვიწვევ

პუბლიკა

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალ ადმინისტრაციაში გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩს ნიკი ჰეილისა და ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს არ მიიწვევს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ამჟამად მისი ადმინისტრაცია ფორმირების პროცესშია.

„მე არ მოვიწვევ ყოფილ ელჩს ნიკი ჰეილის და ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, რომ შეუერთდნენ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია.

ჩემთვის სასიამოვნო და დასაფასებელი იყო მათთან მუშაობა და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. გახადეთ ამერიკა ისევ დიდებული!” – წერს ტრამპი.

იქამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ მაიკ პომპეოს ახალ ადმინისტრაციაში, შესაძლოა, თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაეკავებინა.


ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, დონალდ ტრამპი, რომელიც მეორე ვადით გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თავისი ახალი გუნდის დაკომპლექტებას იწყებს. საერთაშორისო მედიები სხვადასხვა თანამდებობაზე რამდენიმე პოტენციურ კანდიდატს ასახელებენ.

ტრამპმა უკვე გამოაცხადა, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსი, სუზი უაილსი იქნება. უაილსი ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი იყო.

სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატი სახელდება, მათ შორის არიან რიჩარდ გრენელი და მარკო რუბიო. რიჩარდ გრენელი იყო ტრამპის ელჩი გერმანიაში და ეროვნული დაზვერვის დროებითი დირექტორი. რესპუბლიკელი გრენელი ასევე აქტიურად იყო ჩართული ტრამპის მცდელობებში, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები გაუქმებულიყო. სახელმწიფო მდივნის თანამდებობის გარდა, ის ასევე განიხილება ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციაზეც.

რაც შეეხება მარკო რუბიოს – მას პოტენციურ კანდიდატად CBS-სთან ორი წყარო ასახელებს. ფლორიდელი სენატორი 2016 წელს ტრამპის წინააღმდეგ რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის იბრძოდა. მას შემდეგ, ის აქტიურად იყო ჩართული ტრამპის 2024 წლის კამპანიაში და ვიცე-პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა ჯეი დი ვანსთან დამარცხდა.

ტომ ჰომანი, რომელიც ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში იმიგრაციისა და საბაჟო დაცვის სააგენტოს (ICE) დროებითი დირექტორი იყო, BBC აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე პოტენციურ კანდიდატად ასახელებს. ის ტრამპის გეგმას მასობრივი დეპორტაციის შესახებ მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ეს არ იქნება მასობრივი რეიდი უბნებში, არამედ „მიზნობრივი დაპატიმრებები“.

BBC წერს, რომ ტრამპის გუნდში მოიაზრება მილიარდერი და ახალი პრეზიდენტის მხარდამჭერი ილონ მასკი – ის არის Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორი და პლატფორმა X-ის მფლობელი. მან ტრამპის კამპანიის ფარგლებში დაიწყო ფულის გათამაშება მერყევ შტატებში შემთხვევით შერჩეულ ამომრჩევლებზე.

მედიის ცნობით, მასკი და ტრამპი განიხილავენ ახალი „სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის დეპარტამენტის“ იდეას, რომლის ხელმძღვანელადაც მასკი მოიაზრება და რომლის ამოცანაც იქნება რეგულაციების შემცირება.

რობერტ კენედი უმცროსი, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტრამპის კამპანიას „გახადე ამერიკა კვლავ ჯანსაღი”, მის გუნდში ჯანდაცვის მიმართულებით განიხილება. პროფესიით გარემოსდაცვითი იურისტმა დემოკრატების კანდიდატად იყარა კენჭი, თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი მის ვაქცინების საწინააღმდეგო შეხედულებებს საჯაროდ დაუპირისპირდა და მხარი ჯო ბაიდენის არჩევას დაუჭირა, კენედი დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა. მან ვერ შეძლო მხარდაჭერის მოპოვება და საბოლოოდ კანდიდატურა მოხსნა, ხოლო შემდეგ მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა.