ტრამპი ამბობს, რომ დავოსში ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებები „ძალიან კარგი“ იყო და „ომის დასრულება ყველას სურს“

პუბლიკა

დონალდ ტრამპმა დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის გუნდის ინფორმაციით, შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებები „კარგი“ იყო. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა დღესვე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს პროცესის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული და დასძინა: „ვნახოთ, რა მოხდება.“

როგორც Sky News წერს, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ხვალ რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, მათ შორის – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა და ხაზი გაუსვა, რომ „ყველას სურს ომის დასრულება“. მისივე თქმით, შეხვედრის დროს არ განხილულა საკითხი, რომელიც ზელენსკის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრებას შეეხებოდა.

დღეს, 22 იანვარს დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ხელი მოაწერა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ათობით მსოფლიო ლიდერს შესთავაზა, შეუერთდეს მის ინიციატივას „მშვიდობის საბჭო“ (Board of Peace), რომელიც, როგორც ტრამპი ამბობს, მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების მოგვარებას. თუმცა, დიპლომატები აცხადებენ, რომ ტრამპის „მშვიდობის საბჭომ“ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გაეროს მუშაობას.

მაშინ, როდესაც ზოგიერთმა ტრადიციულმა მოკავშირემ აშშ-ს ფრთხილი პასუხი გასცა, ზოგმა კი ტრამპის შეთავაზება უარყო, სხვებმა, მათ შორის ისეთმა ქვეყნებმა, რომლებსაც ვაშინგტონთან დიდი ხნის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ (მაგალითად, ბელარუსი), წინადადება მიიღეს. ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის იდეა პირველად გასულ სექტემბერში წამოაყენა, როდესაც ღაზაში ომის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ საბჭოს უფლებამოსილება გასცდებოდა ღაზას და სხვა გლობალურ კონფლიქტებსაც მოიცავდა. Reuters-მა მოიპოვა წესდების პროექტი, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტი იქნება საბჭოს პირველი თავმჯდომარე და მის მოვალეობაში შევა მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობა. დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია სომხეთი და აზერბაიჯანიც, თუმცა, არ მიუწვევია საქართველო