აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდა.
ტრამპის თქმით, პუტინს ტელეფონით საათზე მეტი ესაუბრა და ფიქრობს, რომ „მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“ არიან.
„ვფიქრობ, პუტინს უნდა მშვიდობა და ზელენსკის უნდა მშვიდობა და მეც მინდა მშვიდობა. უბრალოდ აღარ მინდა, ადამიანების ხოცვას ვუყურო.
ხალხმა ნამდვილად არ იცოდა რას ფიქრობდა პრეზიდენტი პუტინი. მაგრამ ვფიქრობ, რომ შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, მას სურს, რომ [ომი] დასრულდეს, ასე რომ, ეს კარგია. ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ, რომ დასრულდეს და რაც შეიძლება სწრაფად“, — თქვა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის პუტინს „ალბათ“ უახლოეს მომავალში შეხვდება და ვარაუდობს, რომ ეს შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინი მხარს უჭერს ტრამპის იდეას, რომ „ერთად მუშაობის დრო დადგა“ და რომ პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია.
ტრამპი ასევე ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
„ტრამპთან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა. ჩვენ დიდხანს ვსაუბრობდით მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, განვიხილეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად მუშაობისთვის და უკრაინის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, მათ შორის დრონებსა და სხვა მოწინავე ინდუსტრიებზე.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩემს დისკუსიაზე ხაზინის მდივან სკოტ ბესენტთან და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და რესურსების პარტნიორობის შესახებ ახალი დოკუმენტის მომზადებაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან საუბრის დეტალებიც გამიზიარა.
მშვიდობა უკრაინაზე მეტად მშვიდობა არავის სურს. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და გრძელვადიანი, საიმედო მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, — დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ X-ზე.
ასევე, აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ისა და უკრაინის ეკონომიკური პარტნიორობა კრემლს დაანახებს, რომ თეთრი სახლი მზადაა, იდგეს თავისი მოკავშირის გვერდით. ბესენტმა თქვა, რომ „ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მსოფლიოსთვის და რუსეთისთვის“.
ტრამპის თქმით, ვიცეპრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელწმიფო მდივანი მარკო რუბიო და და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, პარასკევს მიუნხენში იქნებიან უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც ზელენსკიც დაესწრება.