აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე არ წამოვა, მოსალოდნელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, „თუ ვლადიმირ პუტინი თქვენთან მოლაპარაკებებზე არ წამოვა, რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებთ?” ტრამპმა უპასუხა, რომ „დიდი ალბათობით”.
დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი არასდროს დაიწყებოდა, ის რომ შტატების პრეზიდენტი ყოფილიყო. მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ბაიდენის მიმართ „უპატივცემულობა გამოიჩინა“.
აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების შესახებაც. შეკითხვის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა:
„ამას შევხედავთ, ზელენსკის ვესაუბრებით, პრეზიდენტ პუტინს ძალიან მალე დაველაპარაკებით და ვნახავთ, როგორ წავა ყველაფერი. ერთი რამ, რაც მგონია – ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე ახლა იხდიან, რადგან ბაიდენის დროს ჩვენ $200 მილიარდზე მეტით დავეხმარეთ, ეს მათზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ჩვენზე, ჩვენ შორის ოკეანეა, პატარა რამ, სახელად ოკეანე.
ევროკავშირი უნდა გაგვითანაბრდეს, ჩვენ $200 მილიარდით მეტი გავგზავნეთ, ვიდრე ევროკავშირმა, სულელები ვართ? ვგონებ, კი, რადგან ისინი ალბათ ასე ფიქრობენ“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს უთხრა, რომ ჩაერიოს უკრაინის ომის შეჩერების პროცესში.
„მას ბევრი რამ არ გაუკეთებია ამ მხრივ. მას აქვს ბევრი ძალაუფლება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს დიდი ძალა. მე ვუთხარი, „თქვენ უნდა მოაგვაროთ ეს“. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი“, – თქვა დონალდ ტრამპმა.