აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ძალიან მალე“ მოაწერს ხელს უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას.
„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რასაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება ომის დასრულების საკითხს, ამ თემასთან დაკავშირებით ტრამპი ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„როგორც იცით, ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. გვსურს ამ კონფლიქტის დასრულების ხილვა. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მივდივართ. მჯერა, რომ ამას გავაკეთებთ. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდა, თუმცა პირველ შეხვედრაზე ტრამპმა და ზელენსკიმ იკამათეს.
დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშში“ დაადანაშაულა. აშშ-ში ვიზიტის დროს მოსალოდნელი იყო, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერდა მინერალების შეთანხმებას, რაც არ მოხდა.
4 მარტს, აშშ-მა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, გააჩერა ის შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებიც უკვე სატვირთო ხომალდებზე იყო და უკრაინაში უნდა გაგზავნილიყო. ამავე დღეს ზელენსკიმ დაწერა, რომ „უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვეს მყარი მშვიდობა“ და რომ მისი გუნდი და თავად მზად არიან იმუშაონ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ.
5 მარტს დონალდ ტრამპმა კონგრესში ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას.