აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გასულ კვირას მან დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მიიღო. მან ამის შესახებ მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. მასთან ერთად იყო ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეი დი ვენსი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარდამჭერების წინაშე ახლა მხოლოდ ღმერთის წყალობით დგას. ის ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპი საფრთხეა დემოკრატიისთვის.
„მე აქ ახლა არ უნდა ვიყო, მაგრამ განსაკუთრებული რაღაც მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს მტრებს სურდათ, ჩემთვის თავისუფლების წართმევა, იმ მიზეზით, რომ მე არასდროს დავუშვებდი თქვენი თავისუფლების წართმევას. მათ ჩემი გაჩუმება სურდათ, მე ამას არასდროს დავუშვებდი. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, ასე არ არის? ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ტრამპმა
ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ის არჩევნებზე და თქვა, რომ ნოემბერში დაგემილი არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მისივე თქმით, დემოკრატებმა არც კი იციან, ვინ იქნება მათი კანდიდატი.
„მათ უნდა ჩაატარონ ყრილობა და რამდენიმე პრობლემა აქვთ. ნომერ პირველი – მათ წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არის კანდიდატი. ეს არის პრობლემა, თუმცა ვნახოთ“, – აღნიშნა მან.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო იმიგრაციის საკითხსაც და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გეგმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „როგორც კი პრეზიდენტის ფიცს დავდებ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ“.
14 ივლისს, პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეკრებაზე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ესროლეს. თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ორი კრიტიკულად დაშავდა.
თავდასხმის დროს დონალდ ტრამპი არ დაშავებულა. როგორც მან მოგვიანებით დაწერა, ტყვიამ მარჯვენა ყურთან გაუარა.
FBI-მ შეძლო თავდამსხმელის იდენტიფიცირება – მათი ინფორმაციით, ტრამპის მიმართულებით გაისროლა თომას მეთიუ კრუქსმა, რომელიც მოგვიანებით საიდუმლო სამსახურის აგენტებმა გაანეიტრალეს.