ტრამპი: გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯა აღარ იგეგმება

პუბლიკა

„გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს. ასე მითხრა სანდო წყარომ. ამას გავარკვევთ. თუ ეს მოხდება, ძალიან გავბრაზდები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ღონისძიებაზე.

„შეგვატყობინეს საკმაოდ დარწმუნებით და გავარკვევთ, ეს რას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება და უკვე შეჩერებულია და არ არსებობს გეგმები არც სიკვდილით დასჯაზე და ამის აღსრულებაზე. ასე მითხრა სანდო წყარომ. ამას გავარკვევთ.

დარწმუნებული ვარ, თუ ეს მოხდება, ძალიან გავბრაზდები, თქვენც გაბრაზდებით. მაგრამ ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომ მკვლელობები მორჩა და სიკვდილით დასჯა შეჩერდა და არ აღსრულდება არც ერთი სიკვდილით დასჯა, რაზეც ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქოს, დღეს უნდა ყოფილიყო აღსრულების დღე“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინ უთხრა ტრამპს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა, ტრამპმა თქვა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანმა წყაროებმა თქვეს, რომ მკვლელობები შეჩერებულია და სიკვდილით დასჯა აღარ მოხდება, იმის მიუხედავად, რომ დღეს ბევრი აღსრულება იყო დაგეგმილი“.

„ჩვენ ამას გავარკვევთ ამ საუბრის შემდეგ, თქვენც გაიგებთ, მაგრამ სანდო წყარომ გვითხრა და იმედი მაქვს, სიმართლეა“.

კიდევ ერთ შეკითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება მოიხსნა დღის წესრიგიდან, ტრამპმა თქვა, რომ პროცესებს აკვირდებიან, მაგრამ მათ მიიღეს ძალიან კარგი ცნობები იმ ადამიანებისგან, რომლებიც საქმის კურსში არიან, რა ხდება ირანში.

მანამდე, დღის განმავლობაში, მედია წერდა, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზებიდან პერსონალი გაჰყავს.

„ყველა სიგნალი მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ის თავდასხმა გარდაუვალია, თუმცა ესაა ასევე, როგორ იქცევა ადმინისტრაცია, რომ ყველა მუდმივ გაურკვევლობაში ამყოფოს. არაპროგნოზირებადობა სტრატეგიის ნაწილია,“ — განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა დასავლელმა სამხედრო ოფიციალურმა პირმა.

Reuters-სისვე ცნობით, ორმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევა შესაძლოა მომდევნო 24 საათში მოხდეს, ერთმა ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა კი თქვა, რომ, როგორც ჩანს, ტრამპმა ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისი მასშტაბი და დრო ჯერ კიდევ გაურკვეველია.

HRANA-ს მონაცემებით, პროტესტის დროს მოკლულია 2 571 ადამიანი. მათ შორის 12 არასრულწლოვანია. დაკავებულია 16 ათასზე მეტი პირი. ადგილობრივმა ოფთალმოლოგმა გასროლის შედეგად თვალის დაზიანების 400-ზე მეტი შემთხვევა აღნუსხა.

პროტესტი 28 დეკემბერს, ირანული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების გამო დაიწყო, თუმცა მოგვიანებით გადაიზარდა ანტისამთავრობო დემონსტრაციაში, რომლის მოთხოვნა იყო უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეი მმართველობის დასრულება. ინტერნეტი თითქმის ერთი კვირაა, მთელ ქვეყანაში გათიშულია.