აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ისევ აკრიტიკებს. Fox Radio-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ მას არ მიაჩნია „მნიშვნელოვნად“ ზელენსკის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრება.
„გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვფიქრობ, რომ მისი ყოფნა შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ის [ზელენსკი] ძალიან ართულებს გარიგებების დადებას“.
„როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ იყო მიწვეული შეხვედრაზე [ელ-რიადში], ეს არ იყო პრიორიტეტი, რადგან ის აქამდე ცუდად აწარმოებდა მოლაპარაკებებს“, – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა აშშ-ის სახაზინო მდივნის სკოტ ბესენტის გასულ კვირას კიევში მოგზაურობა აღწერა როგორც „დროის კარგვა“.
18 თებერვალს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას რუსეთთან შეთანხმება ადრე უნდა გაეფორმებინა. ტრამპი ამ კომენტარით გამოეხმაურა ზელენსკის და უკრაინის მხარის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის შეხვედრაზე უკრაინის დელეგაცია არ იყო წარმოდგენილი.
ტრამპის ამ განცხადებებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. ზელენსკის ამ განცხადების შემდეგ ტრამპმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომს დაასრულებს, თუმცა პარალელურად ვოლოდიმირ ზელენსკის ესხმის თავს და ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის მილიარდობით დოლარი „დაახარჯვინა“.
დამატებით, მან ზელენსკის უწოდა „დიქტატორი“, რომელიც არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან მალე „ქვეყანა აღარ დარჩება“.