ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ პუტინთან შეთანხმება მალე ვერ მიიღწევა, ის იძულებული იქნება დააწესოს მაღალი დონის გადასახადები, ტარიფები და სანქციები რუსეთის მიმართ.
„მე არ მინდა რუსეთისთვის ზიანის მიყენება. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან – მიუხედავად რუსეთის რადიკალური მემარცხენეების სიყალბისა.
ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში და ამ პროცესში თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაკარგა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვაპირებ დიდი დახმარება გავუწიო პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს, რომლის ეკონომიკაც კრახს განიცდის.
მოაგვარეთ და შეაჩერეთ ეს დამცინავი ომი. ის მხოლოდ გაუარესებისკენ წავა.
თუ ჩვენ მალე ვერ მივაღწევთ შეთანხმებას, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა მონაწილე ქვეყნებში.
მოდით, დავასრულოთ ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად – მარტივი გზა ყოველთვის უმჯობესია.
შეთანხმების მიღწევის დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!“, – წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებას მოგვიანებით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, ტრამპის განცხადებაში „ახალი არაფერია”, რადგან ის „პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს სანქციებს ხშირად მიმართავდა”.
„აქ რაიმე სახის ახალ ელემენტს ვერ ვხედავთ. იცით, რომ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, სანქციების მეთოდებს ხშირად მიმართავდა. მას ეს მეთოდები მოსწონს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში მოსწონდა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონთან „თანასწორი დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ ჯერჯერობით სიგნალი არ მიუღია“.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით კომენტარი 22 იანვარსაც გააკეთა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, „თუ ვლადიმირ პუტინი თქვენთან მოლაპარაკებებზე არ წამოვა, რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებთ?” ტრამპმა უპასუხა – „დიდი ალბათობით”.
მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით ბაიდენის მიმართ „უპატივცემულობა გამოიჩინა“.
აშშ-ის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების შესახებაც. შეკითხვის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა:
„ამას შევხედავთ, ზელენსკის ვესაუბრებით, პრეზიდენტ პუტინს ძალიან მალე დაველაპარაკებით და ვნახავთ, როგორ წავა ყველაფერი. ერთი რამ, რაც მგონია – ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე ახლა იხდიან, რადგან ბაიდენის დროს ჩვენ $200 მილიარდზე მეტით დავეხმარეთ, ეს მათზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ჩვენზე, ჩვენ შორის ოკეანეა, პატარა რამ, სახელად ოკეანე.
ევროკავშირი უნდა გაგვითანაბრდეს, ჩვენ $200 მილიარდით მეტი გავგზავნეთ, ვიდრე ევროკავშირმა, სულელები ვართ? ვგონებ, კი, რადგან ისინი ალბათ ასე ფიქრობენ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს უთხრა, რომ ჩაერიოს უკრაინის ომის შეჩერების პროცესში.
„მას ბევრი რამ არ გაუკეთებია ამ მხრივ. მას აქვს ბევრი ძალაუფლება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს დიდი ძალა. მე ვუთხარი, რომ „თქვენ უნდა მოაგვაროთ ეს“. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი“, – თქვა დონალდ ტრამპმა.