ტრამპი: პრეზიდენტ პუტინთან სამშაბათს ვისაუბრებ

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს სამშაბათს, 18 მარტს გეგმავს და განიხილავს უკრაინაში ომის დასრულების საკითხს.

„მე ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან სამშაბათს. ბევრი სამუშაო შესრულდა შაბათ-კვირას. ჩვენ გვსურს, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ომის დასრულება. იქნებ შევძლოთ, იქნებ ვერ შევძლოთ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

შეკითხვაზე, რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ტრამპმა უპასუხა:

„ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე. ეს დიდი საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი რამ უკვე განხილულია ორივე მხარის მიერ, უკრაინისა და რუსეთის. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამაზე – გარკვეული აქტივების განაწილებაზე. დიახ, ისინი უკვე მუშაობენ ამაზე“.