აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას თქვა, რომ შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შეხვდეს, რათა ხელი მოაწეროს აშშ -სთან შეთანხმებას უკრაინის იშვიათი მინერალების შესახებ.
„პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, არ იცის, თუ როდის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
„არ ვიცი როდის ვისაუბრებთ. რაღაც ეტაპზე პრეზიდენტ პუტინს შევხვდები“, – აღნიშნა ტრამპმა.
ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა ორმხრივი მოლაპარაკება გამართეს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს მყარი მშვიდობის გარანტიის ქონის აუცილებლობა” – თქვა მაკრონმა შეხვედრის დაწყებამდე. „ეს ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია”.
ვაშინგტონში გაფრენამდე მაკრონი აცხადებდა, რომ აუცილებელია გატარდეს ზომები რუსეთის შესაკავებლად – რადგან რუსეთი, მისი თქმით, მთელი ევროპისთვის წარმოადგენს საფრთხეს. საქმე ეხება, მათ შორის, უკრაინაში ევროპის ძალების შესაძლო დისლოკაციას, მშვიდობის დაცვის მიზნით – მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპის ერთ-ერთი პირველი ლიდერია, რომელიც ტრამპს იანვარში მისი ინაუგურაციის შემდეგ ხვდება. ის ვაშინგტოში დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი წლისთავზე ჩავიდა.
მაკრონისა და ტრამპის შეხვედრამდე დღეს „დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერების სამიტი გაიმართა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა, რადგან ლიდერთა ნაწილი ვიზიტით კიევში იმყოფება.
აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ შეხვედრაზე ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ უკრაინაში ომის დასასრული. მან ასევე თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან სერიოზული მოლაპარაკებები აქვს უკრაინაში ომის დასრულებასა და ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.
გარდა ამისა, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და უკრაინა მალე გააფორმებენ შეთანხმებას უკრაინის იშვიათ მინერალებზე.
„დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შემომიერთდა ოვალურ კაბინეტში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სასაუბროდ. შეხვედრა მოიწვია „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, კანადის გუბერნატორმა, ჯასტინ ტრუდომ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავზე, რომელიც, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასოდეს დაიწყებოდა.
ყველამ გამოხატა სურვილი, რომ ნახონ ამ ომის დასასრული. მე ხაზგასმით ვისაუბრე შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის „წიაღისეულის შეთანხმების“ მნიშვნელობის შესახებ, რომელიც, ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გაფორმდება!
ეს გარიგება, რომელიც არის „ეკონომიკური პარტნიორობა“, უზრუნველყოფს, რომ ამერიკელი ხალხი დაიბრუნებს უკრაინაში გაგზავნილ ათობით მილიარდ დოლარს და სამხედრო აღჭურვილობას. ამავდროულად, დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას ზრდაში, რადგან ეს სასტიკი ომი დასასრულისკენ მიდის.
ამავდროულად, მე სერიოზული მოლაპარაკებები მაქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასა და, ასევე, ეკონომიკური განვითარების მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის!“, – წერს ტრამპი.
„დიდი შვიდეულის” ფარგლებში შედგა ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან კარგი საუბარი ჰქონდა.
„ახლახან გვქონდა საუბარი. ეს იყო ძალიან კარგი საუბარი “დიდი შვიდეულის” შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც კანადა ხელმძღვანელობდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა, სხვა ჩვენი პარტნიორების მსგავსად გააგრძელებს მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობა არ უნდა დავკარგოთ”, – თქვა ზელენსკიმ.