ტრამპი პუტინზე: ის სრულად შეიშალა!

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „სრულად შეიშალა“. ტრამპის განცხადებით, პუტინი „უაზროდ ხოცავს ბევრ ადამიანს“.

„ის სრულად შეიშალა! უაზროდ ხოცავს ბევრ ადამიანს და მე მხოლოდ სამხედროებზე არ ვსაუბრობ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთლიანი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი და იქნებ, ეს დასტურდება, თუმცა თუ ასეა, ეს რუსეთის ჩამოშლას გამოიწვევს“, – ამბობს ტრამპი.

ტრამპის ამ განცხადებებს გამოეხმაურნენ კრემლში – დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა ამის გამო ყველა „ემოციურად გადატვირთულია“.

„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების პროცესის დაწყება, რომელშიც ამერიკულმა მხარემ დიდი ძალისხმევა ჩადო, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩვენ დიდი მადლობლები ვართ ამერიკელების, ასევე, პერსონალურად პრეზიდენტი ტრამპის, მათი დახმარებისთვის, რომ დააორგანიზეს და დაიწყეს მოლაპარაკებების პროცესი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ამავე დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც დაკავშირებულია ემოციურ გადატვირთულობასა და ემოციურ რეაქციებთან“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.