ტრამპი: ქვეყანა, რომელიც ირანთან ბიზნესს აწარმოებს, 25%-იან ტარიფს გადაიხდის აშშ-სთან წარმოებულ ყველა სახის ბიზნესზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველა ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ირანთან, აშშ-სთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური თანამშრომლობისას 25%-იანი ტარიფი დაუწესდება.

„ძალაშია დაუყოვნებლივ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ბიზნესს აწარმოებს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, 25%-იან ტარიფს გადაიხდის ნებისმიერ და ყველა სახის ბიზნესზე, რომელსაც აშშ-სთან აწარმოებს. ეს ბრძანება საბოლოო და შეუცვლელია“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

The Guardian-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ვებგვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ოფიციალური დოკუმენტაცია პოლიტიკის შესახებ და არც ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იურიდიულ უფლებამოსილებას გამოიყენებს ტრამპი ტარიფების დასაწესებლად, ან იქნება თუ არა ტარიფები მიმართული ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორის წინააღმდეგ.

Reuters-ის ინფორმაციით, ირანი ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) წევრია, ის ნავთობის დიდ ნაწილს ჩინეთში ყიდის, ხოლო სხვა ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან თურქეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდოეთი.

როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები ირანთან?

BM.GE-ის ინფორმაციით, ირანთან სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს $322 მლნ შეადგინა, ვაჭრობა ძირითადად იმპორტზე მოდის.

გამოცემის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $36.9 მლნ იყო, ხოლო იმპორტი $285.1 მლნ.

2024 წლის მონაცემებით, TOP-5 საექსპორტო პროდუქტი BM.GE-ის მიხედვით, შემდეგია:

  1. ხე-ტყის მასალა– $8 მლნ მლნ/20,116 ტონა;
  2. სიმინდი – $3.8 მლნ/ 14,792 ტონა;
  3. ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული – $2.6 მლნ/ 333 ტონა;
  4. ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – $2.4 მლნ/ 307 ტონა;
  5. ხელსაწყოები, აპარატურა და მოდელები განკუთვნილი სადემონსტრაციო მიზნებისათვის – $2.2 მლნ/ 114 ტონა.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  1. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – $81.3 მლნ/148,250 ტონა;
  2. მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი – $26.1 მლნ/125,609 ტონა;
  3. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით – $23.6 მლნ/21,145 ტონა;
  4. კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – $16.6 მლნ/26,773 ტონა;
  5. წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად – $11.6/20,564 ტონა.

BM.GE-ის ცნობით, 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანთან სავაჭრო ბრუნვა $262.7 მილიონია. აქედან ექსპორტი – $32.8 მლნ, ხოლო იმპორტი – $229.8 მლნ.

ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან

საქსტატის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 18.54 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5.15 მილიარდი აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.7%-ით), ხოლო იმპორტი – 13.39 მილიარდი აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7%-ით).

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები 2.12 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზეა, იმპორტში – პირველ პოზიციაზე 2.06 მილიონი დოლარით, თუმცა ექსპორტის მონაცემებით ათეულში არ არის.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ფეროშენადნობები – 21.72 მილიონი დოლარი;
  • შავი ლითონების უნაკერო მილები, მილაკები და ღრუ პროფილები – 40 მილიონი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები – 21 მილიონი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული – 5 მილიონი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 4.53 მილიონი;
  • დანარჩენი საქონელი – სულ 18 14 მილიონი.

აშშ-დან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – ღირებულება 68 მილიარდი აშშ დოლარი;
  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული – 167.61 მილიონი აშშ დოლარი;
  • ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა – 30.75 მილიონი დოლარი;
  • ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან – 56 მილიონი;
  • თხილი და სხვა კაკალი – 79 მილიონი აშშ დოლარი;
  • დანარჩენი საქონელი (სულ) – 119.81 მილიონი დოლარი.

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ეკონომიკური მდგომარეობის გამწვავების გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო და თანდათან ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა.

დემონსტრანტები პოლიტიკურ ცვლილებებს მოითხოვენ. ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეებს ძალისმიერი მეთოდებით უპასუხა.

ბოლო მონაცემებით, მასშტაბურ ანტისამთავრობო პროტესტს ირანში 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე მოსახლეობას არ აქვს ინტერნეტზე წვდომა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ მტკიცე ვარიანტებს განიხილავს. მისი თქმით, „ჩართულები არიან სამხედროებიც და განიხილება ძალიან ძლიერი ვარიანტები“.

„არიან ადამიანები, რომლებიც დახოცეს და არ უნდა დაეხოცათ. ესენი არიან მოძალადეები. თუ საერთოდ შეიძლება მათ ლიდერები ვუწოდოთ – არ ვიცი, შეიძლება თუ არა მათ ლიდერები ეწოდოთ. ისინი ძალადობით მართავენ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. სამხედროები ამას განიხილავენ. ჩვენ ძალიან ძლიერ ვარიანტებს განვიხილავთ. გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა 12 იანვარს.