ტრამპი უკრაინის მოლაპარაკებებზე: თუ რომელიმე მხარე გაართულებს პროცესს, ჩვენ ხელს ავიღებთ

პუბლიკა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს გაიმეორა პოზიცია, რომელიც მანამდე პარიზში გააჟღერა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის უახლოეს დღეებში უარი თქვას უკრაინაში ომის შეჩერების მცდელობებზე, თუ დარწმუნდება, რომ რუსეთის ან უკრაინის პოზიციამ ეს ამოცანა ძალიან გაართულა.

„ამ ბრძოლაში კვირაში ორი ათას ხუთასი ადამიანი იღუპება. მძიმე ბრძოლაა. და ჩვენ გვინდა შეჩერება. იდეალურ შემთხვევაში. მაგრამ თუ რაიმე მიზეზით ერთი ან მეორე მხარე ძალიან ართულებს ამ ამოცანას, მაშინ ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: კარგი, ეს სისულელეა. სულელები ხართ, საზიზღარი ხალხი. და ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: ჩვენ, უკაცრავად, უარს ვამბობთ.  მაგრამ იმედი მაქვს, რომ არ მოგვიწევს ამის გაკეთება“, – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ჯერ არ ტოვებს მოლაპარაკებებს და სჯერა, რომ აქვს ომის შეჩერების კარგი შანსი.

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი“, – ციტირებს Reuters ტრამპის სიტყვებს.

მანამდე რუბიომ თქვა, რომ ვაშინგტონი დაასრულებს შუამავლობას, თუ რამდენიმე დღეში არ გახდება ცხადი, რომ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება მალე მიიღწეს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ მცდელობის გაგრძელებას კვირების და თვეების განმავლობაში. ასე რომ, ახლა ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ, და მე ვსაუბრობ დღეების საკითხზე, შესაძლებელია თუ არა ეს მომდევნო რამდენიმე კვირაში“, – თქვა რუბიომ პარიზში ევროპისა და უკრაინის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.