აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ხელახლა მიიწვევს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა დასთანხმდა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის წინადადებას, შეერთებული შტატები კი დაუყოვნებლივ განაახლებს დაზვერვის მონაცემების გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას.
ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის დელეგაცია აპირებს რუსულ მხარესთან შეხვედრას დღეს ან ხვალ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი თეთრ სახლში დაპატიჟებს ვოლოდიმირ ზელენსკის და დასძინა „ჩვენ გვინდა უკრაინის ომის დასრულება“.
ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ ამ კვირაში ისაუბრებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, მაგრამ ჟურნალისტებს განუცხადა „ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება“. ჟურნალისტებთან საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთიც დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამორიცხა კონტაქტები აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში.
პირველ შეხვედრაზე ტრამპმა და ზელენსკიმ იკამათეს. ტრამპმა ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშში“ დაადანაშაულა. აშშ-ში ვიზიტის დროს მოსალოდნელი იყო, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერდა მინერალების შეთანხმებას, რაც არ მოხდა.
4 მარტს, აშშ-მა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, გააჩერა ის შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებიც უკვე სატვირთო ხომალდებზე იყო და უკრაინაში უნდა გაგზავნილიყო. ამავე დღეს ზელენსკიმ დაწერა, რომ „უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვეს მყარი მშვიდობა“ და რომ მისი გუნდი და თავად მზად იყვნენ ემუშავეთ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ.
5 მარტს დონალდ ტრამპმა კონგრესში ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას.