დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფ. კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ფაილები გამოაქვეყნა.
დაახლოებით 2200 ფაილი, რომელიც 63 000-ზე მეტი გვერდისგან შედგება, აშშ-ის ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფაილები მალე გამოქვეყნდებოდა, თუმცა ის ვარაუდობდა, რომ ისინი, დაახლოებით, 80 000 გვერდისგან შედგებოდა.
„ქაღალდები ძალიან დიდი რაოდენობით გვაქვს. წასაკითხი ბევრია“, — თქვა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში კენედის საშემსრულებლო ცენტრის ვიზიტისას.
აშშ-ის ხელისუფლებას კენედის მკვლელობაზე მანამდე ასობით ათასი დოკუმენტი აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ მიუწვდომელია ეროვნული უსაფრთხოების გამო.
კენედის მკვლელობა აშშ-ში საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანია და წლების განმავლობაში, უამრავი შეთქმულების თეორია გავრცელებულა, მათ შორის, ბევრ ამერიკელს ჯერ კიდევ სჯერა, რომ კენედიზე თავდამსხმელი, ლი ჰარვი ოსვალდი, მარტო არ მოქმედებდა.
პრეზიდენტი კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს, ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში ვიზიტის დროს მოკლეს, როცა ავტომობილით, პირველ ლედისთან, ჯეკი კენედისთან ერთად დალასის ქუჩებში გადაადგილდებოდა.