ტრამპის ახალი სოციალური ქსელი ამერიკაში App Store-დან გადმოწერის რაოდენობით ლიდერობს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაარსებული ახალი სოციალური ქსელი Truth Social ამერიკაში მომხმარებელთა ნაწილისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ახალი პლატფორმა App Store-ზე უფასო აპლიკაციებს შორის გადმოწერის რაოდენობით ლიდერობს.

მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს და რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. აპლიკაციის შექმნაზე Trump Media and Technology Group მუშაობდა. კომპანიის წარმომადგენელმა Fox News-თან განაცხადა, რომ პლატფორმის მიზანია მარტის ბოლოს სოციალური ქსელი აშშ-ში მაინც ამუშავდეს სრული დატვირთვით.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ოფიციალური გვერდები გასულ წელს Twitter-მა, Facebook-მა და YouTube-მა დაბლოკეს კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ. კომპანიები განმარტავდნენ, რომ ტრამპის პოსტები ძალადობისკენ მოწოდებებს შეიცავდა.