ტრამპის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყო

პუბლიკა

18 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

მოგვიანებით ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყო. მისი თქმით, ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ასევე ევროპელ ლიდერებთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და ნატოს გენერალურ მდივანთან.

„შეხვედრის დროს განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ყველა ძალიან ბედნიერია რუსეთ-უკრაინისთვის მშვიდობის შესაძლებლობით. შეხვედრის ბოლოს დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება, რომლის ადგილი განსასაზღვრია. ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც მე და ორი პრეზიდენტი მივიღებთ მონაწილეობას“, – დაწერა ტრამპმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღიაა პუტინის მონაწილეობით ორმხრივი ან სამმხრივი შეხვედრისთვის.

„თუ რუსეთი შეერთებული შტატების პრეზიდენტს ორმხრივ შეხვედრას შესთავაზებს, მაშინ ჩვენ ვნახავთ ორმხრივი შეხვედრის შედეგს და შემდეგ შეიძლება სამმხრივი შეხვედრაც იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზელენსკიმ თქვა, რომ„უკრაინა არასდროს გაჩერდება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“ და დასძინა, რომ მზად არის „ნებისმიერი ფორმატისთვის“.