აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ „მასშტაბური შეტევა“ განახორციელა და „დააკავა ქვეყნის ლიდერი, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო“ და მისი მეუღლე.
„აშშ-მა წარმატებით განახორციელა მასშტაბური შეტევა ვენესუელისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც, მეუღლესთან ერთად, არის დაკავებული და გამოყვანილია ქვეყნიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციით. დეტალები მოგვიანებით გავრცელდება. დღეს, დილის 11 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე ტრამპს არ დაუზუსტებია, როგორ აპირებს აშშ ვენესუელის „მართვას“.
მისივე თქმით, ამერიკული კომპანიები შევლენ ვენესუელაში, რათა შეაკეთონ ნავთობის ინფრასტრუქტურა და „დაიწყონ ქვეყნისთვის ფულის გამომუშავება“.
ტრამპის თქმით, აშშ მზად არის ვენესუელაზე მეორე თავდასხმისთვის, თუმცა, მისი შეფასებით, ეს ალბათ საჭირო არ იქნება.
მან ასევე ისაუბრა აშშ-სა და ვენესუელას შორის „პარტნიორობაზე“, რომელიც, მისი თქმით, ვენესუელელებს „გაამდიდრებს, დამოუკიდებელსა და დაცულს გახდის“. მან მადურო „არალეგიტიმურ დიქტატორად“ მოიხსენია.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მადურო და მისი მეუღლე ნიუ-იორკში გადაჰყავთ, სადაც მათ ნარკოტრეფიკთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ. მადურო ნარკოკარტელის ლიდერობას უარყოფს.