ტრამპის მრჩეველი: ტარიფების შემდეგ აშშ-ს ვაჭრობაზე მოლაპარაკებისთვის 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა

პუბლიკა

თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა, კევინ ჰასეტმა კვირას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფებზე უსაუბრა და უარყო მოსაზრება, რომ ეს ამერიკელ მომხმარებლებს უფრო ძვირი დაუჯდებათ.

„ქვეყნები გაბრაზებულები არიან და სხვათა შორის, მაგიდასთან მოდიან. მე წუხელ მივიღე ანგარიში [აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლისგან], რომ 50-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა პრეზიდენტს მოლაპარაკების დასაწყებად. მაგრამ ისინი ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ესმით, მათ ეკისრებათ ბევრი ტარიფი“, — განუცხადა ჰასეტმა ABC News-ს.

დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა საქონელზე ტარიფები დააწესა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, უოლ სტრიტზე აქციების ფასები დაეცა, რითაც საფონდო ბირჟამ 6.6 ტრილიონი დოლარი დაკარგა.

მისი გეგმის მიხედვით, ყველა იმპორტზე 10%-იანი საბაზისო ტარიფი დაწესდა.

60-მდე სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის, ევროკავშირსა და ჩინეთს, ტარიფების უფრო მაღალი განაკვეთები ემუქრებათ. მათ „თეთრმა სახლმა“ „ყველაზე ცუდი დამნაშავეები“ უწოდა. ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება „მათი უსამართლო სავაჭრო პოლიტიკის პასუხია“.

„ეს არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე“, – თქვა ტრამპმა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ 10%-იანი ტარიფების დაწესებას 5 აპრილს, ხოლო გარკვეული ქვეყნებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაკისრებას 9 აპრილიდან დაიწყებს.