აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე ძალაში შევიდა.
„ცეცხლის შეწყვეტა ახლა ძალაშია. გთხოვთ, არ დაარღვიოთ!“ – დაწერა ტრამპმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა და ის 6 საათში ამოქმედდებოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელი დათანხმდა დონალდ ტრამპის წინადადებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე მას შემდეგ, რაც თეირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე აღმოფხვრა.
„ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს თავდაცვის სფეროში მხარდაჭერისა და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში მონაწილეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცეცხლის შეწყვეტაზე ირანმა თქვა, რომ თავდასხმას შეაჩერებს, თუ „ისრაელიც იმავეს გააკეთებს“.
ამის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის საჰაერო იერიშები მთელი ღამე გრძელდებოდა.
BBC-ის რეპორტიორის ცნობით, თეირანში „ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე იყო“.
ირანის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, 33 დაშავდა და ოთხი სახლი დაინგრა. ზოგიერთი მედია იუწყება, რომ დაღუპულთა შორის ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ რეზა სედიკიც იყო.
ისრაელის კი აცხადებს, ირანის თავდასხმას ქალაქ ბეერშებაში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და 22 დაშავდა.