აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პრინცი რეზა ფეჰლევი არის ერთ-ერთი შესაძლო ვერსია, ვინც შეიძლება იყოს ირანის ახალი ლიდერი, თუმცა მისი აზრით, ეს ნაკლებად შესაძლებელია და სავარაუდოდ ქვეყანას ისეთი ადამიანი გაუძღვება ვინც ირანში ცხოვრობს.
„ვფიქრობ, რომ ის არის [ერთ-ერთი კანდიდატი], ხალხის ნაწილს ის მოსწონს, ჩვენ კი ამაზე არ გვიფიქრია ბევრი. თუმცა, ჩემთვის უფრო მართებული იქნებოდა ვინმე ისეთი, ვინც ადგილზეა.
უკვე მითქვამს, რომ ის [ფეჰლევი] ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, მაგრამ ჩემთვის მაინც ასე ჩანს, რომ ვინმე ისეთი უნდა იყოს, ვინც იქაა, ქვეყანაში და თან პოპულარულია, თუკი არის ვინმე ასეთი.
არიან ასეთი ადამიანებიც, გვინახავს უფრო ზომიერი პოლიტიკოსები ამ შეშლილი რადიკალებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ხალხს ხოცავდნენ“, – თქვა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას.
ტრამპის თქმითვე, ყველაზე ცუდი სცენარი რაც შეიძლება ირანში განვითარდეს, იქნება ის თუკი ვინმე „ისეთივე ცუდი“ აღმოჩნდება ქვეყნის სათავეში, როგორც წინა რეჟიმი.
ხოლო შეკითხვის პასუხად, ვინ შეიძლება მართოს ქვეყანა, ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელისგან განსხვავებით, სადაც შეინარჩუნეს მთავრობა, ირანში პოტენციური ლიდერების უმრავლესობა მკვდარია აშშ-სა და ისრაელის ავიაიერიშების შედეგად. ტრამპმა დაამატა, რომ დღეს კიდევ ერთი მნიშვენლოვანი დარტყმა მიაყენეს ირანის ახალ ლიდერშიპს. ხოლო ირანის სამხედრო შესაძლებლობები, მისი თქმით, განადგურებულია.
„მათ აღარ ჰყავთ ფლოტი, განადგურებულია, აღარ ჰყავთ ავიაცია, განადგურებულია, აღარც საჰაერო თავდაცვის სისტემები, ისინიც განადგურებულია. განადგურებულია მათი რადარები და საერთოდ ყველაფერ განადგურებულია“, – განაცხადა ტრამპმა.
ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ავიაიერიშები 28 თებერვალს, დილის საათებში დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი საჰაერო იერიში მათ აიათოლა ხამენეის რეზიდენციაზე მიიტანეს, რის შედეგადაც ირანის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი დაიღუპა. მასობრივი საჰაერო იერიშების შედეგად დაიხოცა ირანის სამხედრო და პოლიტიკური მაღალი თანამდებობის არაერთი პირიც. აშშ-ში მოქმედი ირანული უფლებადაცვითი ორგანიზაციის მიხედვით, დაღუპულია 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეც.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ 1700-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში, რომელშიც ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენებიც ჩაერთვნენ. ირანთან დაპირისპირებას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, აშშ-მა ქუვეითის მხრიდან „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად დაკარგა სამი თვითმფრინავი.
ირანმა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ აშშ-ს ბაზებსა და ისრაელს, ასევე ინდუსტრიულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბაჰრეინში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, რამდენიმე თავდასხმა დაფიქსირდა ერაყში, სირიასა და კვიპროსზეც.