ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი მიზანი სამმხრივი – ზელენსკი, პუტინი, ტრამპის შეხვედრისთვის ნიადაგის მომზადებაა, რომელიც, რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს. შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის 15 აგვისტოს გაიმართება.
ტრამპის თქმით, პირველივე წუთებში გაიგებს, იქნება ეს „კარგი“ თუ „ცუდი“ შეხვედრა – და თუ ის ცუდი იქნება, ადრე დასრულდება, მაგრამ თუ კარგი – უახლოეს მომავალში მშვიდობა იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმაც შეიძლება მიიღონ მონაწილეობა შეხვედრაში, რომლის შუამავლობასაც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ომის შეჩერების მიზნით გეგმავს.
„უფრო მნიშვნელოვანი მეორე შეხვედრა იქნება, რომელსაც ჩვენ გავმართავთ. ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, მე და შესაძლოა, რამდენიმე ევროპელი ლიდერიც მოვიწვიოთ, შესაძლოა არა“, – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა დასძინა, რომ მისი აზრით, პუტინი და ზელენსკი მზად არიან მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა წუხილი გამოთქვა, რომ უკრაინის ომის საკითხის მოგვარება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ელოდა.
„ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი შეთანხმებას“, – თქვა ტრამპმა.