ტრამპის თქმით, უკრაინასთან მინერალების შეთანხმებას ხელი შემდეგ ხუთშაბათს მოეწერება

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინასთან მინერალების შეთანხმებას ხელი შემდეგ ხუთშაბათს, 24 აპრილს მოეწერება.

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალად ტრამპმა ასევე თქვა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი ფანი არ არის”, რომ „ის მას არ ადანაშაულებს ომის დაწყებაში, მაგრამ არც ზელენსკის საქციელი მოსწონს”.

„არ ვარ აღფრთოვანებული იმით, რომ ომი დაიწყო. მე მას [ზელენსკის] არ ვადანაშაულებ, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ კარგად იმუშავა. დიდი ფანი არ ვარ”.

11 აპრილს ვაშინგტონში გამართული ტექნიკური კონსულტაციების შემდეგ, 15 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინერალების შეთანხმება წინ მიიწევს და დადებითად ვითარდება.

ოდესაში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამუშაო შეხვედრები მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

„როდესაც შეთანხმების პირობები მომზადდება, ისინი მას გაასაჯაროებენ. მოლაპარაკების ორივე მხარემ შეხვედრა დადებით ნოტზე დაამთავრა”. – თქვა ზელენსკიმ.

შეთანხმებაზე მუშაობა რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ის გულისხმობს აშშ-სთვის უკრაინის კრიტიკული ნედლეულის მარაგზე წვდომის მიცემას.

Reuters-ის თანახმად, 11 აპრილის დისკუსიამ დაძაბულად ჩაიარა, გარემო კი „ძალიან ანტაგონისტური” იყო.

Reuters ასევე წერს, რომ მინერალების შეთანხმებაზე აშშ-ის შეთავაზების უახლესი ვარიანტი წინა ვერსიებზე ძვირია – ის ვაშინგტონის მიერ მართულ ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ფართო კონტროლს მიანიჭებს.

შეთანხმების თავდაპირველი ვარიანტისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელი 28 თებერვალს, ვაშინგტონში უნდა მოეწერა. მაგრამ ოვალურ კაბინეტში მას, ტრამპსა და ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს შორის კამათის გამო ჩაიშალა.

ამის შემდეგ უკრაინამ მოლაპარაკებების შესახებ რჩევისთვის ამერიკულ-ბრიტანული იურიდიული ფირმა Hogan Lovells დაიქირავა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლჰა სტეფანიშინამ, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს კურირებს, 14 აპრილს დაადასტურა, რომ უკრაინამ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე თავისი წინადადებების შესწორებული ვარიანტები წარადგინა. სტეფანიშინას აშშ-ის პოზიციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.