ვირტუალური სამიტი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რამდენიმე ევროპელი ლიდერი მონაწილეობდნენ, დასრულდა.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც გერმანიის მასპინძლობით დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრა წინ უძღვის დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის ალასკაზე 15 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრას.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპელები ყველაფერს აკეთებენ, რათა „დაეხმარონ დღის წესრიგის შემუშავებაში“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში შეხვედრისთვის.
„ალასკაში ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა მერცმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინა მონაწილეობდეს მშვიდობის მოლაპარაკებებში – ხოლო პირველ აუცილებელ ნაბიჯად ცეცხლის შეწყვეტა სახელდება.
როგორც პრესკონფერენციაზე მდიისთვის გახდა ცნობილი, ლიდერები თანხმდებიან, რომ მოლაპარაკებებამდე ცეცხლის შეწყვეტა უნდა იქნეს მიღწეული.
„ყველაფერი, რაც უკრაინას ეხება, უნდა განიხილებოდეს უკრაინასთან ერთად – ჩვენ უნდა ვიყოთ ამ საუბრის ნაწილი“,- განაცხადა CNN-ის ცნობით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვირტუალური სამიტის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ „ტრამპმა დღეს მხარი დაგვიჭირა“ და ამერიკის შეერთებული შტატები „მზად არის გააგრძელოს ეს მხარდაჭერა.“
მისივე თქმით, ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე ის და ევროპელი ლიდერები 5 პრინციპზე შეთანხმდნენ: უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა; უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის (ზელენსკის თქმით, ამასთან დაკავშირებით, ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა და აშშ-ის მონაწილეობაზე გამოთქვა მზაობა); რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატოს პერსპექტივაზე; სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა; სანქციების გაძლიერება თუ რუსეთი ალასკაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაში, ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე 15 აგვისტოს არის დაანონსებული.