დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა ბრძანება, რომ მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის საელჩოებმა სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიზის განმცხადებლებისთვის ახალი გასაუბრებების დაგეგმვა შეწყვიტონ.
სახდეპ-ის თქმით, იგეგმება ამ ტიპის ვიზაზე განმცხადებლების სოციალური მედიის გაფართოებული შემოწმება.
დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეზღუდვა გაგრძელდება „შემდეგი მითითებების გამოქვეყნებამდე“.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ სოციალური მედიის შემოწმება სტუდენტური და გაცვლითი ვიზებისთვის გაძლიერდება, რასაც „მნიშვნელოვანი შედეგები“ მოჰყვება საელჩოებისა და საკონსულოებისთვის.
გადაწყვეტილება მოჰყვა დონალდ ტრამპის დაპირისპირებას აშშ-ის რამდენიმე ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტთან. ტრამპის თქმით, ეს უნივერსიტეტები კამპუსზე ანტისემიტიზმსა და დისკრიმინაციულ პოლიტიკას უწყობენ ხელს.
აპრილში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის გრანტებს უყინავს. გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უნივერსიტეტმა უარი თქვა დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე, რომ ჰარვარდის კამპუსის ტერიტორიაზე აქტივიზმი შეეზღუდა.
ასევე, რამდენიმე დღის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს გაუუქმა უფლება, რომ საერთაშორისო სტუდენტები მიიღოს, რის მიზეზიც, თეთრი სახლის განცხადებით, იყო ჰარვარდის უარი ინფორმაციის გაცემაზე იმ სტუდენტის შესახებ, რომლებიც აშშ-ში სტუდენტური ვიზით იმყოფებიან.
„დაე ეს იყოს გაფრთხილება ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური ინსტიტუტისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – დაწერა X-ზე უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა.