ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე ტარიფები დააწესა

პუბლიკა

პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა საქონელზე ტარიფები დააწესა.

მისი გეგმის მიხედვით, ყველა იმპორტზე 10%-იანი საბაზისო ტარიფი დაწესდა.

60-მდე სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის, ევროკავშირსა და ჩინეთს, ტარიფების უფრო მაღალი განაკვეთები ემუქრებათ. მათ „თეთრმა სახლმა“ „ყველაზე ცუდი დამნაშავეები“ უწოდა. ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება „მათი უსამართლო სავაჭრო პოლიტიკის პასუხია“.

„ეს არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე“, – თქვა ტრამპმა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ 10%-იანი ტარიფების დაწესებას 5 აპრილს, ხოლო გარკვეული ქვეყნებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაკისრებას 9 აპრილიდან დაიწყებს.

იმპორტზე საბაზისო 10%-იანი ტარიფი დაუწესდა საქართველოსაც.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ტარიფებს „აშკარად ექნება ეკონომიკური გავლენა“, თუმცა მისი თქმით, ბრიტანეთი ამას „მშვიდად“ უპასუხებს და მთავრობა „ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე“ იმოქმედებს.

ტარიფების სიაში არაა რუსეთი.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა NOTUS-ს განუმარტა, რომ რუსეთი სიაში არაა, რადგან „უკრაინაში ომის გამო სანქციებმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა უკვე გაანულა“.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის მექსიკასა და კანადისთვის, ამერიკის ორი უახლოესი სავაჭრო პარტნიორისთვის.

დიდ ბრიტანეთს დაუწესდება 10%-იანი, ევროკავშირს კი 20%-იანი ტარიფები.

ტრამპის თქმით, ჩინეთს უკვე არსებულ 20%-იან გადასახადებთან ერთად, დაეკისრება დამატებით 34%-იანი ტარიფები.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ 25%-იანი ტარიფები დაწესდება უცხოური წარმოების ყველა ავტომობილის იმპორტზე.

რას ყიდის საქართველო აშშ-ში: 

საქსტატის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან აშშ-ში 141 046 000 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:

  • ფეროშენადნობები;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან;
  • საფრენი აპარატების ნაწილები;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები;
  • წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები.