უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ეს იყო მათი პირველი სატელეფონო საუბარი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და საუბრის შინაარსზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოთქვა.
დონალდ ტრამპის თქმით, რომელიც წელს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძვის, ეს იყო „ძალიან კარგი საუბარი“ და იმუშავებს მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
გამოცემა Politico ზელენსკისთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარი მოსალოდნელზე უკეთ წარიმართა და ტრამპმა პირობა მისცა, რომ მიაღწევს მშვიდობას უკრაინაში, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
სატელეფონო საუბარს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ტრამპთან შეთანხმდა, რომ დაგეგმონ შეხვედრა იმის განსახილველად, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება სამართლიანი და ჭეშმარიტი მშვიდობის მისაღწევად.
ზელენსკიმ ტრამპს კანდიდატად დასახელებაც მიულოცა და დაგმო მასზე თავდასხმა.
დონალდ ტრამპი თავის წინასაარჩევნო კამპანიაში აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას უკრაინის დახმარების საკითხში აკრიტიკებს და აცხადებს ხოლმე, რომ მას შეუძლია რუსეთსა და უკრაინას შორის ზავის მიღწევა.