აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, უარი თქვას ბირთვულ ამბიციებზე და შეწყვიტოს მომიტინგეების ხოცვა, რათა თავიდან აიცილოს სამხედრო მოქმედებები აშშ-ის მხრიდან – სპარსეთის ყურეში აშშ თავისი ძალების განლაგებას აგრძელებს.
„ირანმა ორი რამ უნდა გააკეთოს. პირველი – არავითარი ბირთვული იარაღი. და მეორე – შეწყვიტეთ მომიტინგეების მკვლელობა. ისინი ათასობით ადამიანს ხოცავენ. ჩვენ გვაქვს ბევრი ძალიან დიდი და მძლავრი გემი, რომელიც ახლა ირანისკენ მიემართება და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება“. – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პასუხად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ამბობს, რომ ირანის შეიარაღებულ ძალებს „თითი სასხლეტზე უდევთ“ და ნებისმიერ აგრესიას „დაუყოვნებლივ და მძლავრად უპასუხებენ“.
BBC წერს, რომ დონალდ ტრამპის აღნიშნული განცხადებები მოჰყვა ირანზე რამდენიმეკვირიან ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელმა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები დაიწყოს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, სერ კირ სტარმერმა BBC-ის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს ირანზე აშშ-ის შესაძლო შეტევას, უპასუხა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად განიხილავს გზებს, რათა ირანს ბირთვული საქმიანობის განვითარებისა და მომიტინგეების დახოცვის საშუალება არ მისცენ.
„მიზანი ისაა, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოვახდინოთ იმაზე, რომ ისინი ხოცავენ მომიტინგეებს. ის, რაც იქ ხდება, გროტესკულია. ამიტომ, ჩვენი ყურადღება აქეთ არის მიპყრობილი და მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად“. – თქვა კირ სტარმერმა, რომელიც ჩინეთშია.
პარალელურად დღეს, 30 იანვარს აბას არაღჩი პარასკევს სტამბოლში იმყოფებოდა მოლაპარაკებებზე, რომელთა მთავარი თემა აშშ-ის სამხედრო მოქმედებების საფრთხის თავიდან აცილება იყო. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ირანი მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, „თუ ეს მოლაპარაკებები დაეფუძნება ორმხრივ ინტერესს, პატივისცემასა და ნდობას“.
თუმცა, თურქმა დიპლომატმა დასძინა, რომ ირანის სარაკეტო თავდაცვის სისტემები „არასოდეს გახდება“ მოლაპარაკების საგანი და კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავრობის პოზიცია, რომ „ირანის ბირთვული პროგრამა სრულიად მშვიდობიანია“.. ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი „მზადაა მხარი დაუჭიროს პრობლემების ნებისმიერ მშვიდობიან გადაწყვეტას“.
მანამდე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან სატელეფონო საუბრისას თავის ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს უთხრა, რომ თურქეთს სურს, დაეხმაროს ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის „დეესკალაციაში“.
2025 წლის 28 დეკემბერს ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო. მიზეზი თავდაპირველად ვალუტის მკვეთრი დაცემა გახდა, თუმცა მალევე ანტისამთავრობო გახდა. პროტესტს ირანის რეჟიმმა განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა – მოქალაქეების მიმართ მათ გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი, ამავე დროს, გამორთეს ინტერნეტი და სატელეფონო კავშირგაბმულობა.
თეირანის მცხოვრებლებმა BBC-ის უთხრეს, რომ მომიტინგეების ასეთი დარბევა მათ მანამდე არ უნახავთ.
დონალდ ტრამპი ირანის მოსახლეობას მაშინ დაჰპირდა, რომ „დახმარება გზაშია“. თუმცა, მალევე თქვა, რომ სანდო წყაროებისგან მიიღო ინფორმაცია მომიტინგეების სიკვდილით დასჯის შეწყვეტის შესახებ.
ადამიანის უფლებათა დამცველი ირანული სააგენტო Hrana, რომელიც აშშ-ში მუშაობს, აცხადებს, რომ არეულობის დაწყების დღიდან დღემდე დადასტურებულია სულ მცირე 6,479 ადამიანის მკვლელობა, მათ შორის 6,092 მომიტინგის, 118 ბავშვისა და მთავრობასთან დაკავშირებული 214 პირის. ორგანიზაცია ასევე იძიებს კიდევ დაახლოებით 17,000 დაღუპვის შემთხვევას, რომელთა შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა.
ირანის ხელისუფლებამ გასულ კვირას განაცხადა, რომ მოკლულია 3,100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა მათი მტკიცებით, უმეტესობა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ან ის შემთხვევითი გამვლელი იყო, რომლებსაც თავს „მეამბოხეები“ დაესხნენ.
ამ მოვლენების ფონზე 29 იანვარს ევროკავშირმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა და დამატებითი სანქციები დააწესა ირანის 6 უწყებისა და 15 ფიზიკური პირის მიმართ, მათ შორის, სანქციები დაუწესდათ ირანის შს მინისტრს და გენერალურ პროკურორს.
დღეს, 30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა აშშ-მაც.