აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში „თავისუფლებისთვის მებრძოლ“ ვენესუელის მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და ნიკოლას მადუროს ოპონენტი, ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად მოიხსენია.
„ვენესუელელი აქტივისტი, მარია კორინა მაჩადო და არჩეული პრეზიდენტი გონსალესი დემოკრატიისთვის მშვიდობიანად გამოხატავენ ვენესუელელი ხალხის ხმასა და ნებას, რეჟიმის წინააღმდეგ მომიტინგე ასობით ათას ხალხთან ერთად.
დიდებული ვენესუელელი ამერიკელების საზოგადოება აშშ-ში, დიდი უმრავლესობით ემხრობა თავისუფალ ვენესუელას, რასაც მე მტკიცედ ვუჭერ მხარს.
ამ თავისუფლებისთვის მებრძოლებს ზიანი არ უნდა მიადგეს, და უნდა დარჩნენ უსაფრთხოდ და ცოცხლად!”, – წერს ტრამპი.
2024 წლის 2 აგვისტოს ბაიდენის ადმინისტრაციამ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი აღიარა. არჩევნები არ აღიარა არც ევროკავშირმა.
28 ივლისს ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ვენესუელას არაერთმა ქვეყანამ მოუწოდა ხმების დათვლის პროცესის გასაჯაროებისკენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპული ბლოკი ვერ ცნობს ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს მანამდე, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება და არ იქნება წარმოდგენილი ჩანაწერები, ხმების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ 31 ივლისს ქვეყნის უზენაეს სასამართლოს, საპრეზიდენტო არჩევნების აუდიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართა.
მადურომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულია და ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლო მთავრობის გავლენის ქვეშაა და, შესაბამისად, შედეგების განხილვა და აუდიტი დამოუკიდებლად ვერ მოხდება.
ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია – „კარტერის ცენტრი” აკვირდებოდა. ამერიკული ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები „არ შეესაბამება საარჩევნო ხელშეუხებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და ის არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად“.
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.