აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას ითვალისწინებს, მათ შორის არის ისეთი სააგენტოები, რომლებიც მედიის, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უსახლკარობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობენ.
ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ეს უწყებები „მაქსიმალური მასშტაბით დაუქვემდებარონ შემცირებას”. ბრძანების მიხედვით, მათ უნდა „შეამცირონ თავიანთი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და შესაბამისი პერსონალის საქმიანობა”.
ტრამპმა ბრძანებას 14 მარტს მოეწერა ხელი – სააგენტოებს შორის ერთ-ერთია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფლებას” და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ფედერალური საგრანტო შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების” (RFE/RL) პრეზიდენტი, სტივენ კაპუსიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების გაუქმება არის „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის”.
„საგრანტო შეთანხმების გაუქმება იქნება უზარმაზარი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის. 75-წლიანი ისტორიის შემდეგ „რადიო თავისუფლების” დაშლას იზეიმებენ ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში. ჩვენი ოპონენტებისთვის გამარჯვების ჩუქება მათ გააძლიერებს, ამერიკას კი დაასუსტებს”, – აღნიშნავს ის.
ამასთან, RFE/RL-ის პრეზიდენტი მიუთითებს, რომ „რადიო თავისუფლება” მისი არსებობის ისტორიის განმავლობაში ყოველთვის სარგებლობდა ორპარტიული მხარდაჭერით.