გუშინ, 18 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას რუსეთთან შეთანხმება ადრე უნდა გაეფორმებინა.
ტრამპი ამ კომენტარით გამოეხმაურა ზელენსკის და უკრაინის მხარის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის შეხვედრაზე უკრაინის დელეგაცია არ იყო წარმოდგენილი. მან უკრაინა ომის დაწყებაში დაადანაშაულა და თქვა:
„დღეს მოვისმინე, რომ „ოჰ, არ ვიყავით მიწვეულები“, სამი წელია აქ ხართ. უნდა დაგესრულებინათ – 3 წელი. აქ არც უნდა ყოფილიყავით, არ უნდა დაგეწყოთ. უნდა მიგეღწიათ შეთანხმებისთვის. მე უკრაინისთვის შეთანხმებას მივაღწევდი – მათ ექნებოდათ მიწების თითქმის სრული ნაწილი, ყველაფერი, თითქმის ყველა მიწა და არცერთი ადამიანი არ დაიღუპებოდა, არცერთი ქალაქი არ გადანდგურდებოდა“.
მას ასევე ჰკითხეს რუსეთის სურვილზე უკრაინაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა გააჟღერა კრემლის ნარატივი, რომ ზელენსკის რეიტინგი „4%-ზეა დასული”. Politico ბოლო კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ზელენსკის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, გასულ თვეს მას 52%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ რუსეთის სურვილი არ არის და ის მომდინარეობს როგორც აშშ-ს, ასევე, სხვა ბევრი ქვეყნისგან.
უკრაინის ბოლო არჩევნები გასულ აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნებთან მისვლა ომის პერიოდში შეუძლებელი იქნებოდა – ეს პოზიცია ქვეყნის კონსტიტუციით არის მხარდაჭერილი.