ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადებაზე უარიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინული მედიების ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს ხარკოვი, პოლტავა, ჩერნიჰივი, კიევი და სხვა რეგიონები.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსებმა იერიში მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის დაბომბეს საავადმყოფო სუმიში.
პარალელურად, რუსეთიც ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს 57 უკრაინული დრონი მოიგერიეს.
ამას წინ უძღოდა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის რამდენიმესაათიანი სატელეფონო საუბარი, რის ფარგლებშიც ისინი „შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც, შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.
პუტინმა უარი თქვა სრულ წინადადებაზე, რაც 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოიცავდა და თქვა, რომ ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინის პარტნიორები კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას შეწყვეტენ.
ამასთან, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ დღეს ისინი 175 პატიმარს გაცვლიან.