ტრანს და მსმ იმიგრანტები აივ/შიდსის მკურნალობის მინიმალური სერვისის მიღმა რჩებიან - კვლევა

პუბლიკა

აივ/შიდსის მკურნალობის მინიმალური სერვისის მიღმა რჩებიან ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც არ არიან საქართველოში სტატუსის მქონე პირები, ან არ აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა. აღნიშნული ფაქტი, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულ იმიგრანტთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, – ნათქვამია კვლევაში „მსმ და ტრანს მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“, რომელიც „თანასწორობის მოძრაობამ” წარადგინა. [მსმ – მამაკაცი, რომელსაც სექსუალური კავშირი აქვს მამაკაცთან].

კვლევაში აღნიშნულია, რომ იმიგრანტთა ჯანმრთელობის უფლების დაცვა საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის პრიორიტეტების მიღმაა დარჩენილი. შესაბამისად, არ არის გაწერილი აღნიშნული უფლების განხორციელების კონკრეტული გზები. მით უფრო, არაფერია ნათქვამი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, მათ შორის ლგბტქი თემის ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მათი დაკმაყოფილების კონკრეტულ საშუალებებზე.

„ლგბტქი მიგრანტებისთვის აივ/შიდსის სერვისებში (სამკურნალო და პრევენციული), როგორც ჩართვის, ასევე სერვისებზე დამყოლობის ძირითადი ბარიერი სოციალური მხარდაჭერის დეფიციტით არის განპირობებული. სოციალური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად არ არის შეთავაზებული, ხოლო სათემო ორგანიზაციების რესურსი ამ მიმართულებით არასაკმარისია და ლგბტქი მიგრანტთა გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული მხარდაჭერის საშუალებას არ იძლევა”, – აცხადებს „თანასწორობის მოძრაობა”.

მათი თქმით, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ტრანს მიგრანტებმა არამეგობრული და საფრთხის შემცველი გარემოს არსებობის გამო, სურვილის მიუხედავად, უარი განაცხადეს ცენტრის სერვისის მიღებაზე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ძლიერია სტიგმა და ხშირია დისკრიმინაცია, როგორც ლგბტქი და აივ/შიდსთან დაკავშირებით, ასევე მიგრანტებთან მიმართებაში. სტიგმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები აღინიშნა სამედიცინო დაწესებულებაშიც. გარდა ამისა, გამოიკვეთა კონფიდენციალობის დარღვევის ცალკეული ფაქტებიც.

„სერვისებზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ მთავარ ბარიერად, სწორედ ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა გამოვლინდა. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო სტრუქტურები სოციალური და ჯანდაცვის სერვისების შესახებ მიგრანტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ/ვერ აწვდიან, რის გამოც იზღუდება მათი ინფორმირება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევამ აჩვენა, რომ მიგრანტთა უმრავლესობისთვის, სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ძირითად წყაროს მეგობრები, ახლობლები და სათემო ორგანიზაციები წარმოადგენენ.

კვლევის ავტორების თქმით, შემთხვევათა ანალიზის დროს გამოიკვეთა გარემობა, რომელიც შიდსის კლინიკური ნიშნების შესახებ ექიმების ნაკლებ ინფორმირებულობაზე მიუთითებს (ვიწრო სპეციალიზაციის მქონე ექიმის გარდა). ამის გამო, დაფიქსირდა დაავადების ტერმინალურ სტადიაზე დიაგნოსტირების ფაქტი და შემთხვევის ლეტალური გამოსავალი.


კვლევა ჩატარდა 2019 წელს. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს სამაგიდო კვლევა, ჩატარდა ჩარღმავებული ინტერვიუები, რომლითაც გამოიკითხა 7 მიგრანტი და დარგის 5 ექსპერტი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 შემთხვევის შესწავლა (Case Study), რომელიც აივ/შიდსის სერვისებზე მიგრანტის ხელმიუწვდომლობის გამო ლეტალურად დასრულდა.