ტრანსგენდერი ქალი ჰყვება, რომ პოლიციელებმა სცემეს

პუბლიკა

„თავში წამომარტყეს, წიხლებით შემადგნენ ნეკნებსა და გულმკერდის არეში, თავში ჩამარტყეს რამოდენიმეჯერ როგორც ხელი, ისე ფეხი”, – ტრანსგენდერი ქალი სესილი ცომაია ტელეკომპანია „მთავარს” უყვება, რომ მასზე სამართალდამცველებმა იძალადეს.

„კაცი ხარ თუ ქალი ხარ, ეგ ვერ გაგირკვევია და მე რა უნდა დაგიწეროო და წამოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ამასობაში მოვიდნენ სხვა ეკიპაჟის წევრებიც. როგორც ეკიპაჟის წევრები მოვიდნენ და მოემატნენ თანამშრომლები და გაიგეს რეალურად რომ ტრანსგენდერი ქალები ვიყავით, უფრო მეტად გამწვავდა აგრესია, დამცინავი ტონი, შეურაცხმყოფელი სიტყვები და ფრაზები.

ჩემი მეგობარი იღებდა ტელეფონით ჩემი ცემის ინციდენტს და ტელეფონიც წაართვეს და წაუშალეს ყველაფერი, ისევე როგორც მე წამიშალეს ტელეფონიდან ყველაფერი, თუ რამე მცირედი მქონდა გადაღებული კადრები, ისიც წაგვართვეს და წაშალეს ყველაფერი, რომ არ ყოფილიყო ამის მტკიცებულება.

უფროსი მოვიდა, სახეზე ასე ხელი მომკიდა და გიმახსოვრებო, მეუბნება და სადაც უნდა გნახო, ცხოვრებაში არსად გაგახარებო და ჩამარტყა სახის არეში. ამის შემდეგ მწოლიარეს ზურგის არეში ფეხებით შემადგა, მერე წამომაყენეს და კიდევ ერთხელ იძალადა ფიზიკურად ჩემზე”, – ამბობს სესილი ცომაია და იხსენებს, რომ, დაახლოებით, 15-20 წუთის მონაკვეთში ადგილზე 9 ეკიპაჟი მივიდა.

„თავში გვიტყაპუნებდნენ, თქვენ დასაწვავები ხართ, თქვენ შემარცხვენლები ხართ, თქვენ არ იცავთ ჩვენს ტრადიციებს”, – ჰყვება ტრანსგენდერი ქალი.

ტელეკომპანია „მთავარმა” ჩაწერა კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ამბობს, რომ ცემას მხოლოდ იმით გადაურჩა, რომ პოლიციელებს მოატყუა, თითქოს ორსულად იყო.

„ორი საპატრულო პოლიციის მანქანა იყო, დანარჩენი იყო კრიმინალურის, სამინისტროს და ეს ადამიანები ამ ყველაფერს ხედავდნენ. შეესწრო სასწრაფო დახმარების ექიმი, ახალგაზრდა გოგო იყო, რომელიც შეშინებული უყურებდა პოლიციელებს, ხელბორკილები რომ ედო [სესილი ცომაიას] გადაჭრილ ვენებზე”,  – აცხადებს ტრანსგენდერი ქალი.

„პუბლიკას” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, რომ 1 მაისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ტრანსგენდერი ქალის მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო, ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.