„30 აპრილს მომხდარი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერმა ქალმა მერიასთან თავის დაწვა სცადა, რამდენიმე სატელევიზიო მედიამ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების სრული დარღვევით გადასცა. როგორც მოსალოდნელი იყო, მომხდარი ფაქტი მედია სენსაცირების და პოლიტიკური პოპულიზმის ჭრილში გაშუქდა“. – ამბობენ სათემო ორგანიზაციები ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), იდენტობა იუს, და თანასწორობის მოძრაობა.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მომხდარი ფაქტის შეფასება როგორც „პროტესტის უკიდურესი ფორმისა“ თავის თავში მოიცავს გარკვეულ რისკებს. – „ამგვარი კვალიფიკაცია ხელს უწყობს მსგავსი ქმედების აფირმაციას. სათემო ორგანიზაციები ვიაზრებთ ასეთი სახელდების თანმდევ საფრთხეებს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მედიებს, ცალკეულ აქტივისტებს და საზოგადოებას თავი შეიკავონ თვითდესტრუქციული აქტის ირიბი წახალისებისგან”.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შემაშფოთებელია ისიც, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, „საჯარო პოპულისტური და ფასადური განცხადებები მხოლოდ მას შემდეგ გააკეთეს, რაც ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა“.
სათემო ორგანიზაციები მოუწოდებენ:
- ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, უწყებათაშორისო კომისიის წარმომადგენლებს: კრიტიკულად გაიაზრონ მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, და არა მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევებისას გააკეთონ რეაქციული და ფასადური კომენტარები.
- სახელმწიფო უწყებებს, მედიას, ადამიანის უფლებათა დამცველებს: კრიტიკულად გაიაზრონ სისტემური და სტრუქტურული ტრანსფობიისა და ჰომოფობიის საკითხი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში მაღალი ჰომო/ბი/ტრანსფობიური გარემოს და სექსუალობისა და გენდერის შესახებ მწირი ცნობიერების მოცემულობაში, ლგბტქი თემში მაღალია ინტერნალიზებული ჰომო/ბი/ტრანსფობის დონე, ისევე როგორც სოციალური გარიყულობის შიში, რის გამოც ლგბტქი თემის ბევრი წევრი ღიად ვერ აცხადებს საკუთარი იდენტობის შესახებ.