ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად ქართულ ბანკებსა და აშშ-ის მოქალაქეებს ფულადი ზიანი მიადგათ - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოავლინეს ტრანსნაციონალური დანაშაული, რის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 ადამიანის მიმართ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელები და მმართველები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ფულის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორ ბრალდებულსა და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან.

პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, 6-მა პირმა, მათივე მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სასტუმროების სახელზე ბანკებში გახსნეს ანგარიშები და პოსტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადასახადო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ.

შედეგად, ისინი სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საბანკო ბარათებიდან თანხას ჭრიდნენ და თავიანთ ანგარიშზე გადაჰქონდათ.

„ბრალდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით.

დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, ბრალდებულებს, პოს ტერმინალსა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები და ამ გზით ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხას. საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ კი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ნაწილდებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვა სახელმწიფოში მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის”, – აცხადებს პროკურატურა.

შედეგად, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.

2020 წლის 16-17 ივნისს ე.კ-ს, ლ.გ-ს, გ.გ-ს, ვ.ნ-ს, შ.ი-ს, ლ.დ-ს, გ.კ-ს, და კ.ა-ს, წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.