ტრანსპორტისა და გადაადგილების შეზღუდვა | მთავრობის განმარტება ახალ რეგულაციებზე

პუბლიკა

დღეს, 26 ნოემბერს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იმ კონკრეტული რეგულაციების შესახებ, რომელიც ქვეყანაში „მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებასა და გაფართოებას“ ეხება. მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი რეგულაციები ორთვიან პერიოდს მოიცავს, 28 ნოემბრიდან იწყება და 31 იანვრის ჩათვლით გასტანს.

გადაადგილებისა და ტრანსპორტის შესახებ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები:

1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?
დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

2. შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?
დიახ, შესაძლებელია.

3. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, სპეციალური ნებართვების გარეშე.

4. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?
დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

5. ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი?
ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს შაბათს და კვირას, 16 იანვრიდან-31 იანვრის ჩათვლით.

6. იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?
ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.

7. ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?
დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის 21:00-დან, 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე – 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

8. იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?
დიახ, იზღუდება.

9. დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა.
დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.

10. შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?
დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.

11. აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?
აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.