სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა

პუბლიკა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, 23 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის კოლეგიამ, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით, დააკმაყოფილა მომჩივანთა ადვოკატების მოთხოვნები და 2019 წლის 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს დიდ პალატას საქმეები გამონაკლის შემთხვევებში გადაეცემა. კონვენციის მიხედვით, საქმე უნდა წამოჭრიდეს ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან საერთო მნიშვნელობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

„2024 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა, ამასთან, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ  სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება გააკეთა, გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღინიშნა შემდეგი:

  • ოთ-ხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა (პარაგრაფი 217);
  • სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყო მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში (პარაგრაფი 220);
  •  სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი (პარაგრაფი 221);
  • არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის (პარაგრაფი 222);
  • სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ […] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან  მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი (პარაგრაფი 223) “, – აღნიშნავს ორგანიზაიცა.

მიუხედავად ზემოთ ხსენებული მნიშვნელოვანი მიგნებებისა, საია მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლოს შეეძლო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევების დადგენა. სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის 1 აგვისტოს სასამართლოს წარედგინა თხოვნა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, რადგან ორგანიზაციის განცხადებით, საკითხისადმი მსგავსი მიდგომა აჩენდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებულ სერიოზულ კითხვებს.

საია წინამდებარე საქმეში, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” ერთად სტრასბურგის სასამართლოში 22 პირის ინტერესებს იცავს. მათ შორისაა მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენლი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირი.