ტრეფიკინგის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე შსს-მ 4 პირი დააკავა

პუბლიკა

ტრეფიკინგის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე შსს-ს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს ადამიანით ვაჭრობის გეგმა, მისი სისრულეში მოყვანის მიზნით შშმ მოქალაქე გადაიბირეს და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ.

შსს წერს, რომ დაკავებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან.

დანაშაულები 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ი.კ.-სთვის, თუმცა, მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.