ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხესთან - კალაძე

პუბლიკა

„ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ცენტრალური ნაძვის ხესთან დაკავშირებულ კრიტიკას.

„ულამაზესია, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან და არა ის, რაც წლების განმავლობაში ხუფის სახით გვქონდა. ნაძვის ხე იყო სამკუთხედი, ხუფის მაგვარი და ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში, თქვენ თუ დააკვირდებით, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან”, – თქვა კალაძემ.

ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მისულები იყვნენ მოძრაობა „შეცვალეს” წევრები. მათ ადგილზე წყალი და სასუქი მიიტანეს.

„კახი კალაძემ ჩამოიტანა ნახ-ნახევარი ხე. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სასუქი დავყაროთ, რომ 31-მდე იქნებ რამენაირად გაიზარდოს”, — განაცხადეს მათ.


მერიის ინფორმაციით,  მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ღირებულება  304 848 ევროა (დაახლოებით მილიონ ლარამდე).

ჯამში საახალწლო ღონისძიებები, მორთულობა და სხვადასხვა ტიპის შესყიდვა დედაქალქს 6 164 589 ლარი უჯდება.