„ტრენინგების საქმეზე“ კულტურის პროფკავშირის დამფუძნებელიც დაიბარეს

პუბლიკა

გიგა ბექაური, კულტურისა და მედიის სფეროში დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენელი, „ტრენინგების საქმეზე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა, – ამის შესახებ „პუბლიკას“ თავად ბექაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, მან უწყებაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

„მე ტრენინგის ორგანიზატორებს ვეხმარებოდი მონაწილეების შერჩევაში, პროფესიული კავშირების საქმიანობიდან გამომდინარე. შეხება არ მქონია CANVAS-სთან ან რომელიმე სხვა ორგანიზაციასთან. მე ვმუშაობდი ფონდისთვის. დამკვირვებელი ვიყავი, რეალურად, ტრენინგის პროცესის, ტექნიკური თვალსაზრისით. რა მომწონს და რა არ მომწონს, უნდა გამეზიარებინა შემდეგ. დავესწარი, როგორც მესამე პირი; შეიძლება ითქვას, როგორც დამკვირვებელი.

არაფერი მსგავსი, რომელსაც ამ ტრენინგს ედავებიან, არ ყოფილა, სრულიად პირიქით იყო. პროცესი მანიპულაციურია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აქ მსხვერპლი არის ხალხი, რომელიც უნდა მოტყუვდეს ამ რაღაცა ფარსით“, – ამბობს ბექაური „პუბლიკასთან“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის” NGO-ებისა და სამოქალაქო აქტივისტების „გადამზადებას” USAID-ის მოწვევით ჩამოსულ ტრენერებს უკავშირებს.

უწყება წერს, რომ აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ აქვე მიუთითებენ, რომ „გამოძიებით დადგენილა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო”.

სასწავლო კურსი არის ნაწილი ხუთწლიანი ინიციატივისა, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

„სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები  მომავალი საქმიანობისთვის”, – ნათქვამია ტრენინგის აღწერაში.