„ტრი-ტრი“ პრემიერს მინდა ვუთხრა, ვის დაემუქრე?! მედია განახებს თავის ძალას!“ - გრიგოლია

პუბლიკა

„ტრი-ტრი“ პრემიერს მინდა ვუთხრა, მედია დაგანახებს, ირაკლი, თავის ძალას, შენ მოძალადეების წამქეზებელო ღარიბაშვილო, ვის დაემუქრე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილო?!“, – ასე მიმართა პრემიერს „ტელეკომპანია პირველის“ დირექტორმა, გადაცემა „რეაქციის“ ავტორმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ.

„წარმოიდგინეთ პრემიერი, რომელიც მედიას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს, მაშინ, როცა მედია თავის გარდაცვლილ კოლეგაზე საუბრობს და ამ ტრაგედიას პროტესტებს და კითხვას სვამს, რატომ მოგვიწყვეს სპეცოპერაცია. „ტრი-ტრი“, ახლა უყურე!

ეს არის სიბინძურე, ფსკერი, ლექსოს წარსულში ქექვა. ამდენმა ჟურნალისტმა არ ნახეთ, როგორ სცემდნენ ლექსოს? რა მნიშვნელობა აქვს შენ წარსულში ჯარიმა გაქვს გადახდილი თუ არა. არ ნახეთ, ყბის ძვლები რომ ჩაუმტვრიეს ლექსოს? საერთოდ რატომ სვამთ ამაზე კითხვას? „ტრი-ტრი“, არ გამოგივა, ბიჭო, არ გამოგივა!

მე საერთოდ ის შემთხვევაც არ მახსენდება, მე მიტინგზე ვდგარიყავი პოლიტიკური მოთხოვნით და ქვევით ჩემი რესპონდენტები მდგარიყვნენ. აირია ამ ქვეყანაში ყველაფერი, ჩამოიშალა ქვეყანა და რატომ მიჰყვება „ქართული ოცნება“ საფლავში მოძალადე პრემიერს, ესაა ჩემთვის ყველაზე საინტერესო“, – განაცხადა გრიგოლიამ ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ.

შეკითხვაზე – პრემიერმა აგრესიული ჯგუფებიც მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა – გრიგოლია პასუხობს:

„ჩვენც ხომ სააკაშვილს დაგვაკავშირა? დაგვიჭირე! მოდი, ირაკლი ღარიბაშვილო, აი, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში? აი, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ. დამიჭირე, მე კი დავუმტკიცებ მთელ ქვეყანას და ყველას, რომ შენ ხარ მოძალადე! რომ თქვენს ძალადობას შეეწირა ჩვენი კოლეგა“, – აცხადებს ინგა გრიგოლია.

ჟურნალისტის თქმით, რაც უფრო მეტად დაადანაშაულებენ მედიას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, მით მალე დადგება „ტრი-ტრის დასასრული“.

„დამიჭირე, ბოლომდე დავიცავ ჩემი გარდაცვლილი თანამშრომლის უფლებებს. აქ ვდგავარ, დამიჭირე. არავის მოვუწოდებ არსად გამოსასვლელად. აქ ვდგავარ მე. შევპირდი ლექსოს გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან-მეთქი. ახლა ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილებაა, ბოლომდე ვიბრძოლებ მისი უფლებებისთვის. „ტრი-ტრი“, ბევრჯერ დაინახავ „TV პირველის“ ან სხვა თავისუფალი მედიის სახეს, შენ მოძალადე პრემიერო“, – განაცხადა გრიგოლიამ.


„ზედმეტი კეკლუცობა არაა საჭირო, ვთქვათ პირდაპირ – ოპოზიციური ტელევიზიები, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“,   პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ, მეგობრებო, მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და „ნაცმოძრაობისა“ და რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი იდენტურია – როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.