ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლოა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართაც დაიწყოს

პუბლიკა

ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა შესაძლოა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართაც დაიწყოს.

როგორც გაფრინდაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან და უთხრეს, რომ 8 იანვარს ჩატარებულა ადმინისტრაციული სხდომა, სადაც მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა და შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, „რადგან დაუნახავს სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ნიშნები“.

ვაჟა გაფრინდაშვილი აქამდე უკვე არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად „სამანქანო გზის გადაკეტვის” საბაბით.

როგორც გაფრინდაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, ამ დრომდე ვერ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით. ის აპირებს საქმის მასალები გამოითხოვოს და გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეწყდა და შემდგომი რეაგირსებისთვის შსს-ს გადაეცა გიორგი წულაიას და ანა ბდეიანის საქმეებიც. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 10 დეკემბერს კიდევ უფრო გაამკაცრა პროტესტთან დაკავშირებული კანონმდებლობა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, „ხალხის სავალი გზის“ „ხელოვნურად” გადაკეტვა, პოლიციის „სავალდებულო მითითების” შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე.

თუ ამ მუხლით სახდელდადებული პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, სასჯელის სახედ კი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.