ტროტუარზე დგომის საქმეზე აქციის მონაწილეთა პროცესები იანვრისთვის გადაიდო.
ზვიად ცეკვავამ და მანუჩარ ცაცუამ დღეს, 25 დეკემბერს, ანი ახმეტელის, ელენე ჯღარკავას, გიორგი ბულიას, ნორა ცინცაძის, მარინე ჟვანიას საქმეები განიხილეს.
ანი ახმეტელის პროცესი 9 იანვარს, დანარჩენი კი 12 იანვარს გაიმართება.
მათ შსს ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.
მუხლი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.
ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს.
მათ დაეკისრებათ ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.
ანი ახმეტელის საქმე
ანი ახმეტელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 დეკემბერს, პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.
„ვიდეოში ფიქსირდება მოქალაქე, რომელიც 20:35 საათზე დგას ტროტუარზე და დაბრკოლებას უქმნის ხალხს გადაადგილებისას”, − წერს შსს ვიდეოს დათვალიერების ოქმში.
შსს-ს წარმომადგენლების თქმით, 17 დეკემბრის მდგომარეობით, შსს-ში წარდგენილ არცერთ განცხადებაზე უწყებას „თანხმობა“ არ ჰქონდა გაცემული, რადგან განცხადებები, რომელიც 17 დეკემბრის აქციის შესახებ შევიდა, ფორმის დაცვით არ იყო შეტანილი, რის გამოც აქცია კანონიერად ვერ ჩაითვლებოდა.
„[პოლიციის] მოწოდება მიემართებოდა იმას, რომ იქ მყოფი პირები, მათ შორის, ქალბატონი ანი, არ იყვნენ უფლებამოსილი შეკრების უფლებით ესარგებლათ, იმიტომ, რომ ფორმადაუცველად წარადგინეს განცხადება, რადგან არ ჰქონდათ იმ ადგილზე შეკრების უფლება, უნდა დაშლილიყვნენ და არ დაიშალნენ“, – თქვა შსს-ს იურისტმა.
პირველი, რაზეც ახმეტელის ადვოკატებმა გაამახვილეს ყურადღება, არის ის, რომ კანონი არაკონსტიტუციურია. მათ დააყენეს კიდეც შუამდგომლობა და მოუწოდეს მოსამართლეს, შეეჩერებინა საქმის განხილვა და ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ახმეტელის ადვოკატის თქმით, ეს ზომები რეპრესიულია და მიმართულია იქითკენ, რომ მიაღწიონ ე.წ. გამყინავ ეფექტს, რათა დემონსტრანტებმა არ ისარგებლონ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით ნებართვის გარეშე.
რაც შეეხება ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მასალებს, ადვოკატის თქმით, ვიდეოში არ ჩანს, რომ ვინმეს გადაადგილება შეფერხდა, დაბრკოლდა.
პროცესის დასაწყისში ანი ახმეტელის ადვოკატებმა – მალხაზ და ილია პატარაიებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, ერთ-ერთ არგუმენტად კი ესტონეთის მიერ მისი დასანქცირება დაასახელეს. ასევე, ადმინისტრაციულ საქმეებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საქმის განხილვისას მხარეთა შეჯიბრებითობის შეზღუდვა. ცეკვავამ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკან ელენე ჯღარკავას, გიორგი ბულიას, 73 წლის ნორა ცინცაძის და 69 წლის მარინე ჟვანიას საქმეები მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ განიხილა.
მოსამართლემ ოთხივე საქმე 12 იანვრისთვის ერთი და იმავე მიზეზით გადადო – მან შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ზედხედიდან გადაღებული, მინიმუმ, 30-წუთიანი ვიდეოს წარმოდგენა დაავალა.
ნორა ცინცაძის საქმე
73 წლის ნორა ცინცაძის სხდომის გადადებამდე მისმა ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ მოსამართლეს განუმარტა, რომ ნორა ცინცაძე პარლამენტთან ახლოს ცხოვრობს და იმ დღეს სეირნობის დროს ნაცნობებს გამოელაპარაკა. ადვოკატის თქმით, სწორედ ამ დროს გადაუღეს ვიდეო, რომელიც შსს-მ მტკიცებულებად წარმოადგინა.
„ქალბატონი ნორა ცხოვრობს ტაბიძეზე, იქვე ცხოვრობს და მანდ მიდიოდა ქუჩაში, ნახა ნაცნობები, საღამოს სეირნობდა, ნახა ნაცნობები, ესაუბრებოდა, იდგა ცოტა ხანი. შემდეგ რაღაც გამოსვლები იყო, მაგას მოუსმინა. მანამდე პოლიციის გაფრთხილება არ გაუგონია, არც იცოდა გაფრთხილება თუ იყო. სახლთან ახლოს იყო, ჩაიარა და მეგობრებთან საუბრის დროს გადაუღეს ეს ვიდეო და დაიბარეს“, – განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.
როგორც მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აღნიშნა, ნორა ცინცაძის საქმის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ის შსს-ს მიერ ორჯერაა დაჯარიმებული 5 000 ლარით თებერვალსა და მარტში.
ადვოკატის თქმით, ნორა ცინცაძეს ეს ჯარიმები არ ჩაბარებია.
„პირველად მესმის, არავის დაურეკავს და არაფერი“, – აღნიშნა თავად ნორა ცინცაძემაც.
ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ სასამართლოს ნორა ცინცაძის ჯანმრთელობის ცნობებიც წარუდგინა.
„ოპერაციები აქვს გაკეთებული და დღემდე აწუხებს ტკივილები, მათ შორის, გრძელვადიან ვიდეოში შეიძლება ჩამომჯდარიც ჩანდეს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს ჯანმრთელობის, ამიტომ ეს რომ გაითვალისწინოს სასამართლომ საქმის განხილვის დროს, ამიტომ წარმოგიდგენთ დოკუმენტაციას“, – თქვა ადვოკატმა.
რაც შეეხება მარინე ჟვანიას, მან აღნიშნა, რომ ნამდვილად იდგა პარლამენტთან და აპროტესტებთა, თუმცა გამვლელებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია.
„ტროტუარის გადაკეტვის“ საქმეებზე სხდომები სასამართლოში ხვალ, 26 დეკემბერს და ორშაბათს, 29 დეკემბერსაცაა ჩანიშნული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება 20-მდე მოქალაქის მიმართ დაიწყო.
10 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო და 12 დეკემბრიდან ძალაში შევიდა შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილება, რომელიც საფეხმავლო გზაზე პროტესტს ზღუდავს.